თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომრის არჩევნების მეორე ტურში დავით ასათიანმა გაიმარჯვა და თავმჯდომარის პოსტი 4 წლით ჩაიბარა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარის არჩევნები 2017 წლის 9 დეკემბერს გაიმართა. არჩევნებში 12 კანდიდატი მონაწილეობდა. რადგანაც პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობა, კენჭისყრის მეორე ტური დაინიშნა.
მეორე ტურში საუკეთესო შედეგების მქონე 2 კანდიდატი, ლევან ჯანაშია და დავით ასათიანი მონაწილეობდნენ.
თუმცა, ლევან ჯანაშიამ შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და მეორე ტურში მონაწილეობა არ მიუღია. ის ასათიანს და მის მხარდამჭერებს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა და პირველი ტურის შედეგების გაუქმებასაც ითხოვდა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მეორე ტურის არჩევნები 23 დეკემბერს სპორტის სასახლეში გაიმართა. დავით ასათიანს მხარი დაუჭირა დელეგატების უმრავლესობამ, 922 ადვოკატმა, მეორე კანდიდატს კი მხოლოდ 23 ხმა ერგო. დავით ასათიანი ადვოკატთა ასოციაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ამ პოზიციაზე მან ზაზა ხატიაშვილი შეცვალა.
დავით ასათიანი 2012-2013 წლებში კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების“ მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად 2013 წლის დეკემბერში აირჩიეს.
ასათიანს პროფესიული გამოცდილება მიღებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოში, დანიის სამეფოში, ბელგიის სამეფოში, გერმანიაში, ისრაელში, ჩეხეთსა და რუმინეთში მართლმსაჯულების სისტემისა და იურიდიული პროფესიის მოწყობასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია 2006 წლის იანვარში ჩამოყალიბდა. 2009 წელს ოთხი წლის ვადით აირჩიეს მისი პირველი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, 2013 წელს კი ის მეორე ვადით აირჩიეს.