თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ხუთდღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა სამეგრელოში, პრობლემები შეუქმნა ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარს. როგორც „Sputnik საქართველოს" კორესპონდენტი ზუგდიდიდან იტყობინება, საკანალიზაციო მილების გაუმართაობის გამო, ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის ნაწილი დაიტბორა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბაზრის ტერიტორიის დატბორვას ძლიერი წვიმის დროს, საკანალიზაციო მილების გაჭედვა იწვევს და დახმარებას შესაბამისი უწყებებისგან ითხოვენ.
„ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ მოსულები გვითხრეს, წვიმა რომ გადაიღებს, მოვალთ და გავწმენდთ ტერიტორიასო’’, — აღნიშნეს ბაზრის მოვაჭრეებმა.
ბაზრის დირექტორმა გია კანკიამ „Sputnik საქართველოს’’ უთხრა, რომ ტერიტორია სადაც საკანალიზაციო მილები გადის, მის საკუთრებაში არ არის და გაწმენდა არ ევალება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ბაზრის ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც დატბორილია, მათ ბალანსზე არ არის…
წყალკანალში ამბობენ, თხოვნის გათვალისწინებით სპეციალური ტექნიკა და თანამშრომლები ვითარების გამოსასწორებლად იმუშავებენ…
„ამ ტერიტორიაზე წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მოვლა-პატრონობა და ავარიულ სიტუაციაზე მომსახურება ჩვენ არ გვევალება, თუმცა, ვითვალისწინებთ თხოვნას. ამ დროსითვის ხდება შესაბამისი ტექნიკის მობილიზება, რომ ავარიის ლიკვიდირება დღეს შევძლოთ“, — აღნიშნეს კომპანიაში.
ამ დროისთვის ბაზრის აღნიშნულ ნაწილში ვაჭრობა შეფერხებულია.
თინათინ ბუკია