თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. ამინდის გაუარესებამ დასავლეთ საქართველოში წყალდიდობები, ზვავების ჩამოსვლა და მეწყრული პროცესები გამოიწვია.
უხვმი ნალექის გამო მდინარე ჭიშურა ნაპირებიდან გადმოვიდა, რამაც ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ გადიდთან დამაკავშირებელ ხიდს საძირკველი ნაწილობრივ გამოეცალა. სოფელში ასი ოჯახი ცხოვრობს.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურისა და ადგილობივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ აღდგენითი სამუშაოების დაწყება უამინდობის გამო ფერხდება.
პრობლემები ხულოშიც შეიქმნა. სოფელ რიყეთში ზვავი ჩამოწვა. ზვავი არც ისე დიდია, სპეციალისტები არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან და დაადგენენ, არის თუ არა ზვავი მოსახლეობისთვის საშიში.
უამინდობის გამო გოდერძის ზამთრის სეზონის გახსნა გადაიდო, რომელიც 9 დეკემბერს იყო დაგეგმილი. სავარაუდოდ, ზამთრის სეზონი 10 დეკემბერს გაიხსნება.
ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სოფლებში თოვლის საფარი 1-1,5 მეტრს აღწევს, გოდერძის უღელტეხილზე კი მან ორ მეტრს გადააჭარბა.
დიდთოვლობის გამო ხულოში არსებული 50 სკოლიდან 43-ში და 20-ვე საბავშვო ბაღში სასწავლო და, შესაბამისად, აღმზრდელობითი პროცესი შეწყდა.
წინასწარი მონაცემებით, საბავშვო ბაღები და სკოლები მუშაობას 11 დეკემბერს განაახლებენ.
ხულოში სულ 84 სოფელია. მათი უმრავლეოსბა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ძლიერი წვიმის გამო ქობულეთის რაიონში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. უსაფრთხოების მიზნით სოფელ ზემო აჭყვაში ევაკუირებულია ბერიძეების ოჯახი. ამჟამად ისინი ახლობლების ოჯახში იმყოფებიან.
მეწყერმა სოფელ ხალაში გზა გადაკეტა.
ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის შედეგად დაბა ოჩხამურის მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.
სტიქიურ უბედურებასთან ბრძოლის სპეცილური შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
ბათუმში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა. მიზეზად წყალარინების სისტემის გაუმართაობა სახელდება.
წყალდიდობა მოხდა ბათუმში გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, ასევე ლერმონტოვის №96-ში მდებარე ავარიულ სახლში.
სამაშველო ბრიგადებმა მოსახლეობას დახმარება აღმოუჩინეს.
უახლოეს ათ დღეში სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდსა და 11-16 გრადუსს სითბოს ვარაუდობენ. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მცირე ნალექი, ჰაერის ტემპერატურა 6-11 გრადუსი სითბო იქნება.