თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ნაციონალური ბალეტ „სუხიშვილების“ ლეგენდარული მოცეკვავის და კინომსახიობის მანანა აბაზაძის სახელობის ვარსკვლავი თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ 25 დეკემბერს გაიხსნება.
ანსამბლის წამყვანი სოლისტის საიუბილეო საღამო ფილარმონიის სცენაზე მისი სახელობის ვარსკვლავის გახსნის ცერემონიის წინ, 20:00 საათზე გაიმართება.
საკონცერტო სცენაზე „სუხიშვილების“ ყველა თაობის წარმომადგენელი გამოვა, მათ შორის მანანა აბაზაძეც. ის შეასრულებს პარტიებს თავისი ცნობილი ნომრებიდან — ცეკვებიდან „ხევსურული“ და „აჭარული“, მაგრამ განახლებულ ვერსიაში და ახალი პარტნიორების თანხლებით.
„ამ ანსამბლში საუკუნის მეთხედი გავატარე. და ეს იყო შეგნებული, ძალიან ბედნიერი წლები ჩემს ცხოვრებაში. ამ ყველაფრისთვის მადლობელი ვარ უფლისა და ჩემი მეორე მშობლების — ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის“, — განუცხადა ჟურნალისტებს მანანა აბაზაძემ.
მანანა აბაზაძე დაიბადა 1947 წლის 23 ივლისს. 1971 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენების ფაკულტეტი. 1986 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.
„სუხიშვილებში“ ბრწყინვალე საცეკვაო კარიერის გარდა, აბაზაძე კინომსახიობიც იყო და რამდენიმე ფილმშია გადაღებული.
არტისტის ნამუშევრებს შორის არის ფილმები „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (თენგიზ აბულაძე, 1962, მერი), „მაცი ხვიტია“ (გიორგი შენგელაია, 1966, ეკა), „შავი თოლია“ (გრიგორი კოლტუნოვი, 1962, სილვიას და) და სხვ.
მანანა აბაზაძის საიუბილეო საღამოზე ბილეტების შეძენა შესაძლებელია ფილარმონიის სალაროებში ან ონლაინ, ვებგვერდზე biletebi.ge.