თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობაში სახურავიდან წყალი ჩამოდის, დეპუტატებს პირდაპირ დერეფანში აწვიმს, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.
მმართველი პარტიის დეპუტატები თემურ ჭკუასელი, მამუკა მდინარაძე, გიორგი გაჩეჩილაძე და დავით მათიკაშვილი პარლამენტის შენობის დერეფანში გაშლილი ქოლგის ქვეშ ფოტო და ვიდეოკამერების წინაშე პოზირებდნენ.
„საქმე ისაა, რომ რემონტი მიდის, სულ მიდის. ვიღაცები პერიოდულად ავლენ, რაღაცებს აკეთებენ, მაგრამ იმდენად უხარისხოდ არის გაკეთებული, რომ ვერაფრით ვერ მოხდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს არ ჩამოვიდეს წყალი“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტი ქუთაისში გადავიდა 2012 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე, რომლებიც იმდროინდელი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით შეიტანეს. პარლამენტისათვის თანამედროვე ფეშენებელური შენობა უმოკლეს დროში აშენდა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა პარლამენტის თბილისში დაბრუნების საკითხი არაერთხელ დააყენეს. თუმცა საკითხი ახლაც ღიად რჩება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი ქუთაისში დარჩება ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის დასრულებამდე, რომელიც 2017 წელს დაიწყო.