თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ბაკურიანში, კოხტა-მიტარბის სამთო-სათხილამურო ტრასა უთოვლობის გამო დღეს აღარ გაიხსნება, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“.
კომპანიის თქმით სათხლამურო ტრასის გახსნა დღეს — 23 დეკემბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ უთოვლობის გამო ვერ ხერხდება.
ტრასის სიგრძე 13 კილომეტრამდეა და გათვლილია როგორც დამწყები ასევე პროფესიონალი მოთხილამურეებისთვის.
ბაკურიანში ათობით სათხილამურო ტრასაა და მათი სიგრძე ჯამში 30 კილომეტრამდეა.
როგორც „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში" განაცხადეს, ამ ეტაპზე დიდველის სათხილამურო ტრასა დაკეტილია სახიფათო გზის გამო: „ამჟამად დიდველის სასრიალო ტრასაზე სრიალი არ არის დაშვებული, რადგან ქვების სიმრავლისა და თოვლის საფარის უკმარისობის გამო, ტრასა სახიფათოა, რასაც არ შველის ხელოვნური დათოვლიანება“ — აღნიშნეს კომპანიაში.
კურორტზე სასრიალო გზების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სამთო პატრული.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2016-2017 წლის ზამთრის სეზონის კვლევით დადგინდა, რომ კურორტს ძირითადად საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან: რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ისრაელიდან სტუმრობენ.
ბაკურიანში საბაგიროები ყოველდღე 10:00-17:00 საათამდე მუშაობენ. საბაგიროთი ერთი მგზავრობის საფასური 7 ლარიდან იწყება. მგზავრობა ნებისმიერ საბაგიროზე 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის უფასოა. დამსვენებლებს ასევე შეუძლიათ აბონემენტებით სარგებლობა.
სეზონზე ბაკურიანში დამსვენებელს დღიურად 50-60 ლარიდან შეუძლია იქირაოს საცხოვრებელი ბინა. კაფე-ბარებში კი სეზონთან შედარებით პროდუქციის ფასებში სხვაობა თითქმის არ შეიმჩნევა.

