თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას თხოვნით მიმართავს და მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად მორთონ საკუთარი ფანჯრები და აივნები, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.
კალაძის განცხადებით, მცდელობის მიუხედავად, თბილისის მერიამ ვერ მოახერხა ყველა რაიონში ყველა ქუჩის მორთვა და გალამაზება.
„მინდა ვთხოვო ქალაქის მოსახლეობას დახმარება, თანადგომა და მონაწილეობის მიღება ქალაქის მორთვაში. ძალიან ელემენტარული რაღაცაა გასაკეთებელი. ყველანი ვემზადებით საახალწლოდ შეძლებისდაგვარად და ერთი საახალწლო განათება საკუთარ აივანზე, საკუთარ ფანჯარაზე რომ დაამაგრონ, შეიძლება ერთი ნათურაც კი, დარწმუნებული ვარ, იქნება დიდი სილამაზე, რომელიც დაამშვენებს ქალაქს”, — განაცხადა კალაძემ.
გასულ კვირას თბილისში საახალწლო განათებები ჩაირთო. განათდა დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე. განათებები ჩაირთო ქალაქის ცენტრალურ გამზირებზე: რუსთაველზე, თავისუფლების მოედანზე, ჭავჭავაძის გამზირზე, პეკინის ქუჩაზე. დედაქალაქს საახალწლო განათება-გაფორმება 3 მილიონი ლარი დაუჯდა.