თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ახალი წლის ღამეს მეტრო და ავტობუსები მგზავრებს 04:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერია თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს საახალწლოდ ბევრ სიახლეს ჰპირდება. წელს პირველად, ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, მთავარი საახალწლო ღონისძიებები დედაქალაქის სამ რაიონში გაიმართება – გლდანში, სამგორსა და ძველ თბილისში. ამისთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური ავტობუსები, რომლებიც მგზავრებს საახალწლო კონცერტების ლოკაციამდე მიიყვანს.
„საახალწლო კონცერტები სამ ლოკაციაზე გაიმართება. შესაბამისად, ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ მეტრო უზრუნველყოფს მგზავრების გადაყვანას უფასოდ. ასევე მინდა დავამატო, რომ ავტობუსების მომსახურება იქნება უფასო. ყველა რაიონიდან, ყველა უბნიდან შესაძლებელი იქნება, ვისაც სურვილი აქვს გლდანში, ვარკეთილში და ევროპის მოედანზე მობრძანდეს და დაესწროს კონცერტებს. მათი გადაყვანა უზრუნველყოფილი იქნება, როგორც მეტროთი, ასევე ავტობუსებით. უფასო მგზავრობა დილის ოთხ საათამდე იქნება შესაძლებელი," — განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება საახალწლო გალა-კონცერტს, ის, ტრადიციულად, 31 დეკემბრის ღამეს ვარდების მოედანზე გაიმართება.
საახალწლო ღონისძიებები თბილისის მასშტაბით 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება.
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები 15 დეკემბერს საზეიმოდ აინთო, რომელიც ქართულ მოტივებზე შექმნილი სხვადასხვა ორნამენტით არის მორთული. ახალი საახალწლო სანათები დამონტაჟდა თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე — რუსთაველის, ჭავჭავაძის, თამარაშვილისა და კოსტავას გამზირებზე. ასევე, პეკინის, თამარ მეფისა და ბარათაშვილის ქუჩებზე.
დედაენის ბაღში „საახალწლო ქალაქი" ორი კვირის მანძილზე უმასპინძლებს კონცერტებს, საახალწლო მსვლელობებსა და სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებს.