თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საავტომობილო გზის, გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გზის მონაკვეთი გადაკეტეს. ისინი ყველა სახის ავტომანქანებს დაბა ჟინვალში აჩერებენ, გზის გადაკეტვის შესახებ აცნობენ და ურჩევენ ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში განლაგდნენ.
„რუსეთის ფედერაციაში მიმავალი ავტომანქანების მძღოლებს უხსნიან, რომ გუდაური-კობის მონაკვეთზე შექმნილი ზვავსაშიშროების გამო, საქართველო-რუსეთის საზღვრამდე გადაადგილებას უახლოეს საათებში ვერ შეძლებენ“, — ნათქვამია განცხადბაში.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, გზაზე გაჩერებულ ავტომანქანების მძღოლებსა და მგზავრებს საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დახმარებას გაუწევენ.
მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ძველი რეჟიმი ნარჩუნდება — ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამავე გზის 134-135-ე კმ მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.