თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობისა და მლეთა-კობის მონაკვეთებზე, ინტენსიური თოვის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, გუდაური-კობის მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო მლეთა-კობის მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ამავე გზის 134-135-ე კმ მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მძღოლებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით, გამოიჩინონ სიფრთხილე და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.