Javelin-ის ტიპის ამერიკულ რაკეტებს საქართველოს შემდეგ უკრაინა მიიღებს

გამოწერა
ვაშინგტონის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გადაცემის შესახებ რუსეთი აღიქვამს, როგორც ქვეყნის წაბიძგებას ძალოვანი სცენარისკენ

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. უკრაინისთვის „ლეტალური იარაღის“, მათ შორის Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გადაცემის გეგმა მოიწონა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, იუწყება  РИА Новости.

ტრამპის ადმინისტრაციის თქმით, აღნიშნული გეგმა ემსახურება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის უზრუნველყოფას.

საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კონგრესმა, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში მოხდა, რომელიც აშშ-თან Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების შეძენის თაობაზე მოლაპარაკებებს 2008 წლიდან აწარმოებდა.

„ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა — აშშ-მა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო: უკრაინას, როგორც სუვერენულ ქვეყანას, გააჩნია ლეგიტიმური უფლება, შეიძინოს და მიიღოს თავდაცვითი შეიარაღება, მათ შორის ლეტალურიც. მშვიდობის დამყარების თვალსაზრისით ეს სამართლიანი და სწორი ნაბიჯია. სისუსტე აგრესორის პროვოცირებას იწვევს. ძალა მას აკავებს და მშვიდობის შენარჩუნებას აიძულებს“, — დაწერა უკრაინის ელჩმა ვაშინგტონში ვალერი ჩალიმ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ჯაველინი - Sputnik საქართველო
გადაწყდა: აშშ საქართველოს Javelin-ის სარაკეტო კომპლექსებს მიჰყიდის

ამასთან, რუსეთი უკრაინისთვის მსგავსი იარაღის მიწოდების კატეგორიული წინააღმდეგია. 

„აშშ-ის მიერ კიევისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებას მოსკოვში ძალზე სახიფათოდ მიიჩნევენ. საქმე ამერიკული შეიარაღების არამარტო პარამეტრები თუ რაოდენობაა, არამედ ვაშინგტონის მიერ კიევის სამხედრო ძალების დე-ფაქტო წახალისება, ძალოვანი სცენარისკენ წაბიძგება“, — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა.

მისი თქმით, უკრაინისათვის ნებისმიერი სახის შეიარაღების მიწოდება „აძლიერებს უკრაინაში დარეგულირების პროცესის ჩაშლის საფრთხეს და ეჭვქვეშ აყენებს მინსკის შეთანხმების შესრულების პერსპექტივას“.


ყველა ახალი ამბავი
0