თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ტყის უკანონო ჩეხას ომი გამოუცხადა.
საქართველოში ტყის ჩეხა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. მხოლოდ დეკემბრის დასაწყისიდან 122 ასეთი ფაქტი დაფიქსირდა.
„ჩვენ ომს ვუცხადებთ ტყის უკანონო, უმოწყალო ჩეხას საქარველოში. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ეს უდიდესი გამოწვევა, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფასთან, მაგრამ დამერწმუნეთ, მასშტაბები, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ჩვენი მოსახლეობის მინიმალური სოციალური დაკმაყოფილების მოთხოვნები", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა მოსახლეობა უზრუნველყოს მინიმალური მარაგით, რათა მათ ოჯახების გათბობა შეძლონ.
„მაგრამ ომს გამოვუცხადებთ იმ უმოწყალო, უკანონო რეწვას, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, გვაქვს საქართველოში", — განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ბრძოლაში უნდა ჩაებან მთავრობაც, პარლამენტიც, სამართალდამცავი ორგანოებიცა და საზოგადოებაც.
„ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს უნდა ვაწყენინოთ, სხვანაირად შედეგს ვერ მივიღებთ", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში მთავრობა ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს გადადგამს.