თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე 5 ადამიანი დააკავეს, ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულთა შორის არიან საკალათბურთო კლუბ „სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი თემურ დათიკაშვილი, ასევე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები — ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა კვარაცხელია და თემურ დათიკაშვილი კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების — ზაზა მაჩალაძის, ირაკლი და დავით ბერიშვილების დახმარებით, თანხის სანაცვლოდ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის" სხვადასხვა მატჩებში სასურველ შედეგს აფიქსირებდნენ. ვაჟა კვარაცხელიამ და თემურ დათიკაშვილმა თითოეულ ე.წ. ჩაწყობილ მატჩზე მოქალაქეს მოსთხოვეს 12000 ლარის გადახდა, საიდანაც 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარში მსაჯებისთვის იყო განკუთვნილი″, — ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმციით, 2017 წლის 15 და 16 დეკემბერს გაიმართა საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის" სამი შეხვედრა, რომლებიც დასრულდა წინასწარ შეპირებული ქულათა სხვაობით, რის შემდეგაც თემურ დათიკაშვილმა, ვაჟა კვარაცხელიამ, ზაზა მაჩალაძემ, დავით ბერიშვილმა და ირაკლი ბერიშვილმა მოთხოვნილი თანხა აიღეს, რაც საერთო ჯამში 36000 ლარს შეადგენდა.
გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, რაც ოთხიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.