ქართველი ზვიად ციკოლია, რომელიც თვითმფრინავს აგებს, რამაზ ბლუაშვილი, რომელიც ამ წუთებშიც ნასაშია და რომელმაც „ჩაკრულო“ კოსმოსში გაუშვა, ექიმი რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძე, რომელმაც კიბო დაამარცხა და კოსმოსში გაფრენისათვის ემზადება, მსოფლიოში ნომერ პირველი პარაოლიმპიელი ქალი ირმა ხუცურიანი, რომელმაც 27 წლის ასაკში დაიწყო ფარიკაობაში მომზადება, ყოფილი პარლამენტარი და ასოცირებული პროფესორი ელისო ჩაფიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, რომელმაც ყველის ბიზნესი იმით დაიწყო, რომ მისმა ბიზნესპარტნიორმა ორი ძროხა იყიდა სამცხე-ჯავახეთში, — მოკლედ, ეს იმ ადამიანთა მცირე ჩამონათვალია, რომელთაც დეილ კარნეგის ცენტრმა თავი მოუყარა და საზოგადოება ჩამოაყალიბა.
„ჩვენ ვეძებთ პოზიტივს, ვეძებთ წარმატებულ ისტორებს და გვინდა, დავარწმუნოთ ყველა, რომ წარმატება მრავალჯერადი მცდელობისა და მიზანსწრაფული შრომის შედეგია“, — ამბობს „დეილ კარნეგის“ ცენტრის დირექტორი, ახალგაზრდა ქალბატონი ლელა წითლანაძე, ჟურნალისტური განათლებითა და ტრენინგების ჩატარების ხანგრძლივი გამოცდილებით.
ის მარკეტინგისა და მენეჯმენტის წარმატებული ტრენერია. ცენტრმმა დეილ კარნეგის დაბადებიდან 129 წელი შავი ზღვის უნივერსიტეტში აღნიშნა და ახლა საზეიმო 130 წლისათვის ემზადება, რისთვისაც მზადება და კომუნიკაცია ამერიკულ მხარესთან უკვე დაწყებულია. ჩვენ დავინტერესდით, როგორ გაჩნდა ცენტრის ჩამოყალიბების იდეა და რა გეგმები აქვს მის დირექტორს სამომავლოდ.
- ლელა, გვიამბეთ, როდის და ვისთან ერთად გაჩნდა იდეა დეილ კარნეგის ცენტრის შექმნის შესახებ?
— დეილ კარნეგის ერთ-ერთ ფრაზას — „ისწავლეთ, ჩადგეთ მეორე ადამიანის პოზიციაში და გაიგოთ, რა სურს მას და არა — თქვენ. ვისაც ეს შეუძლია, მას ეკუთვნის ეს სამყარო" — მენეჯრების საკვალიფიკაციო ტრენინგზე დღემდე ვიყენებ. როგორც კი სლაიდზე ეს სიტყვები გამოჩნდება, აუდიტორიის თითოეულ წევრს სასიამოვნოდ ეღიმება და თავს თანხმობის ნიშნად მიქნევს. რაღაც პერიოდის შემდეგ ჩემს ტრენინგებში გაჩნდა გაი კავასაკი, ჯოზეფ ბეზოსი, სტივ ჯობსი, ლარი ფეიჯი, ბრაიან ტრეისი და ა.შ. ამას მოჰყვა ჩვენს სატრენინგო სივრცეში, „მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლაში“ მათი ავტორობით გამოცემული წიგნები, რომელსაც მსმენელები დიდი სიამოვნებით კითხულობდნენ და მოტივაციით ივსებოდნენ. ძალიან ცოტა ადამიანი თუ ახერხებს თვითმოტივაციას. ასეთები ლიდერები არაიან და ამ სამყაროს მცირე ნაწილს წარმოადგენენ. დანარჩენ ნაწილს გარე მოტივატორები სჭირდებათ, რომ შეძლონ, იმუშოვონ და იცხოვრონ უკეთ. სწორედ ამიტომ, ჩავთვალეთ, რომ მხოლოდ ტრენინგები არ არის საკმარისი. საჭიროა ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ადამიანების უკეთ მოტივაციას შევძლებდით. ჩვენც შევქმენით „დეილ კარნეგის ცენტრი“. „მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლის“ გუნდმა, რომელმაც იდეა საქმედ აქცია, ცენტრის მთავარი ამოცანაც განსაზღვრა. დეილ კარნეგის ცენტრი უნდა ყოფილიყო ის პლატფორმა, სადაც ადამიანების წარმატების ისტორიების გაზიარებით სხვა ადამიანების წარმატების ერთგვარი ინსპირაცია მოხდებოდა.
- რამდენი ადამიანია გაერთიანებული ამ ცენტრში და რითაა საინტერესო და სასარგებლო მისი წევრობა.
— ჩვენი ცენტრი ხელმძღვანელობს კარნეგისეული ჭეშმარიტებით, რომ ადამიანის ბუნებრივი მისწრაფებაა, იყოს გამორჩეული პიროვნება. „გამორჩეულ ადამიანად ყოფნის სურვილი“ ის მამოძრავებელი ძალაა, რომელსაც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. და ის ადამიანი, ვინც ამას წესიერი გზით მიაღწევს, მართლაც საყოველთაოდ აღიარებული გახდება.
სურვილი გამორჩევისა, არის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისება ადამიანის, რომლითაც იგი განსხვავდება ცხოველისგან. ადამიანებს ეს გრძნობა რომ არ ჰქონოდათ, მაშინ ცივილიზაციაც არ იარსებებდა. სწორედ ღირსეულ ადამიანად ყოფნის სურვილი უბიძგებს ინდივიდს, ისწავლოს, განვითარდეს. როგორც კარნეგი თავის წიგნში „როგორ შევიძინოთ მეგობრები და როგორ მოვიმხროთ ადამიანები“, წერს: „ეს სურვილი იყო, რომ ერთ დროს დუქნის გაუნათლებელი ღატაკი ნოქარი აიძულა, შეესწავლა სამართალმცოდნეობა 50 ცენტად ნაყიდი წიგნით. ეს კაცი ლინკოლნი გახდა“.
ასეთი ისტორიები ჭირდება დღეს ქართულ საზოგადოებას. ასეთ ისტორიებს უნდა ისმენდეს ქართველი ახალგაზრდობა. ჩვენ გვსურს, შევკრიბოთ წარმატებული ადამიანების ისტორიები და რაც შეიძლება ფართოდ გავავრცელოთ.
ჩვენი ცენტრის წევრები დღეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც საკუთარი წარმატება თავად შექმნეს უამრავი დაბრკოლებისა და წინაღობის გადალახვის ფასად. წარმატებას დღეს დიდი ფასი აქვს. ასეთი ადამიანები ჩვენს გარშემო ბევრია. ჩვენ მათ ვეძებთ, ვუკავშირდებით და ვიწყებთ თანამშრომლობას. რამდენიმეს ჩამოგითვლით, დიზაინერი ზვიად ციკოლია, ქალბატონი ელისო ჩაფიძე, რომელიც დღეს წარმატებით კითხულობს ლექციებს. ასევე დავასახელებ ვალერი ჩეხერიას, იგი სასტუმრო „ფაბრიკას“ კონცეფციის ავტორია, „აჭარა ჯგუფის“ გენერალური დირექტორი. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, სწორედ მან გვითხრა, რომ კარგ საქმეს შევუდექით და წარმატებები გვისურვა. ცენტრს აქვს სპეციალური ფეისბუქ-გვერდი: დეილ კარნეგის ცენტრი, სადაც ჩვენს მხარდამჭერებს უფრო ახლოს გაიცნობთ. ასევე გვერდის საშუალებით, ყველას, ვისაც სურს, ცენტრის წევრი გახდეს, შეუძლია შეავსოს აპლიკაცია. ახალი წლიდან ბევრ საინტერესო აქტივობას ვგეგმავთ და ჩვენი საქმიანობის უფრო ფართოდ გაშლას.
- ვიცით, რომ უკვე გაიმართა საიუბილეო საღამო შავი ზღვის უნივერსიტეტში. რით იყო მნიშვნელოვანი ეს დღე და რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რაც გააკეთეთ ანუ როგორია წარმატების ქართული ფორმულა.
— დიახ, ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, რომელიც დეილ კარნეგის 129 წლის იუბილეს მიეძღვნება. ღონისძიება „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ მხარდაჭერითა და თანადგომით ჩატარდა.
იუბილეზე მოწვეული გახლდათ 18 წარმატებული ქართველი სხვადასხვა დარგიდან. ისინი მოჰყვნენ საკუთარ წარმატებაზე, შიშსა და მღელვარებაზე, იმაზე, თუ როგორ მოიპოვეს მეგობრების დიდი წრე და გახდნენ თავიანთ საქმეში წარმატებულნი. ასევე აუდიტორიას მოუყვნენ იმაზეც, თუ რა ჩვევები და უნარები აქვთ მათ, რაც წარმატების გზაზე ყველაზე მეტად ეხმარებათ.
გამომსვლელეთა შორის იყვნენ ყველაზე გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც თავად მიაღწიეს წარმატებას, გადალახეს მრავალი დაბრკოლება და დღემდე აგრძელებენ აქტიურ მოღვაწეობას: ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, პარლამენტის ყოფილი წევრი ელისო ჩაფიძე, „აჭარა ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ვალერი ჩეხერია, რეჟისორი, მკვლევარი, ავტორი ფილმისა ამერიკის სამხედრო ავიაციის ლეგენდის, ალექსანდრე ქართველიშვილის შესახებ რამაზ ბლუაშვილი; ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი, ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონი ირმა ხეცურიანი, ექიმი გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძე, საერთაშორისო თამბაქოს კომპანიის Philip Morris-ის საქართველოს წარმომადგენლობის კორპორაციული ხელმძღვანელი ნონა მამულაშილი და სხვები.
დეილ კარნეგის იუბილეზე, ფაქტობრივად, გაცოცხლდა ერთი ამბავი, რომელიც კარნეგის ცხოვრებაში ნამდვილად მოხდა, კერძოდ,ნიუ-იორკის ოტელ „პენსილვანიის“ დარბაზში. ამ დღეს, დარბაზში სამუშაო დღის შემდეგ, ასობით ადამიანი მზად იყო, საათნახევარი მდგარიყო ფეხზე და მოესმინა იმ 18 გამომსვლელისთვის, რომლებიც რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდნენ, მოეყოლათ საკუთარი ისტორია. გამომსვლელთა შორის იყვნენ ამერიკის სხვადასხვა საქმიანი წრეების წარმომადგენლები. ეს ფაქტი დეილ კარნეგის ბიოგრაფიაში ერთ-ერთ თვალსაჩინო ამბავს წარმოადგენს.
დაგეგმილია, გამომსვლელთა სიტყვა ერთ წიგნად გამოიცეს, რაც ჩვენს საზოგადოებას საშუალებას მისცემს, უფრო ახლოს გაიცნონ ჩვენი ქვეყნის წარმატებული ადამიანები და მეტი მოტივაცია შეექმნათ წარმატების გზაზე.
- თქვენთვის ვინაა დეილ კარნეგი და რამდენად ხშირად იყენებთ მის გამონათქვამებს ცხოვრებაში?
— ჩემი ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა სტუდენტი გავხდი, დეილ კარნეგის ბესტსელერებმა დიდ როლი ითამაშა. თეთრ ყდაში მოქცეულმა წიგნმა, რომელიც არ იყო დიდი მოცულობის და ძალიან ადვილად იკითხებოდა, სადაც ძალიან მარტივად იყო მოცემული ავტორის დროით შემოწმებული მეთოდები და რჩევები, სადაც განხილული იყო ცხოვრებისეული სიტუაციები და მათგან გამოსვლის ხერხები, რომლებიც თითქოსდა ყველამ თეორიულად ვიცით, მაგრამ პრაქტიკულად არ ვიყენებთ, მთლიანად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება ადამიანებისა და გარემოს მიმართ.
ჩვენ ყველას შეგვიძლია ცხოვრების უკეთესისკენ შეცვლა, თუმცა ეს დიდ ძალისხმევას საჭიროებს. საკმარისია იმ წესების შესრულება, რომლებიც ყველამ შესანიშნავად ვიცით, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ვივიწყებთ, სანამ არ შეგვახსენებენ. ბუნებრივია, წიგნი ყველა პრობლემისგან ვერ გაგვათავისუფლებს, მაგრამ გვეხმარება, ახლებურად გავიაზროთ ზოგიერთი სიტუაცია, დავინახოთ, ზოგჯერ რა არასწორად ვიქცევით. კარნეგს აქვს ერთი ასეთი შესანიშნავი ფრაზა: „ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები მსოფლიოში გაკეთებულია ადამიანთა მიერ, ვინც არ შეწყვიტა ცდა, მაშინაც კი, როდესაც იმედი არსად ჩანდა“. არასოდეს გავჩერებულვარ და არ ჩამიქნევია ხელი, ყოველთვის ვცდილობ, საქმე ბოლომდე მივიყვანო. არის შემთხვევა, როცა რაღაც არ გამოდის, მაგრამ მე ხომ ვეცადე, ვამბობ და ვაგრძელებ გზას წარმატებისაკენ.
- რა ღონისძიებებს გეგმავს დეილ კარნეგის ცენტრი მომავალში?
— დეილ კარნეგის 130 წლის იუბილეს აღვნიშნავთ აუცილებლად და ეს იქნება 2018 წლის ნოემბრის თვეში. ღონისძიებისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ნიუ-იორკში დეილ კარნეგის ცენტრთან აქტიური მიმოწერა გვაქვს და მათ მოპატიჟებასაც ვგეგმავთ. არ გამოვრიცხავთ, ზაფხულში ჩვენც ვესტუმროთ მათ და მათი გამოცდილებაც, ცენტრის მართვის შესახებ, შევისწავლოთ და ჩვენს სივრცეში გადმოვიტანოთ.
სულ ახლახან გავაკეთეთ ჰაბი, სადაც ყველას შეუძლია გაწევრიანება. უკვე 100-ზე მეტი წევრი გვყავს. ვგეგმავთ, ჰაბის ფარგლებში, მასტერ-კლასების ორგანიზებას, საერთაშორისო ტრენერების ჩამოყვანას და ა.შ. ვფიქრობთ, რომ ცენტრის საქმიანობა უნდა გასცდეს თბილისს და იგი რეგიონებშიც გამოჩნდეს. ეს უკვე მომავლის საქმეა.