საქართველოს პრემიერი მზადაა, ჟენევის მოლაპარაკებებში ჩაერთოს

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერი გამოვიდა წინადადებით, ჟენევის მოლაპარაკებების დონე მინისტრთა მოადგილეებიდან მთავრობის მეთაურებამდე გაიზარდოს

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა. ჟენევის მოლაპარაკებები რუსეთთან დიალოგის ორი ფორმატიდან ერთ-ერთია.

საქართველოსა და რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლიდან აღარ აქვთ.

„არაერთი მოლაპარაკება, მათ შორის 90-იან წლებში, ბოლო პერიოდშიც ფუჭი აღმოჩნდა და სამწუხაროდ, არ შესრულდა ვალდებულებები რუსეთის მხრიდან. ამიტომ კიდევ ერთხელ რომ არ აღმოვჩნდეთ ასეთ სიტუაციაში, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფრის გასაჯაროება ალბათ რთული იქნება, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა არსებული ჟენევის დისკუსიების ფორმატის ფარგლებში პირველ რიგში, ავწიოთ დონე და მინისტრის მოადგილის დონიდან გადავიდეთ მინიმუმ მინისტრის დონეზე და მზად ვარ, პრემიერ-მინისტრის დონეზეც გადავიდეთ და პირადად ჩავერთვები აუცილებლად ამ ფორმატის საქმიანობაში", — განაცხადა კვირიკაშვილმა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
საქართველო ჟენევის მოლაპარაკებებში შედეგზეა ორიენტირებული

პრემიერმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ჟენევის ფორმატს კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის ფორმატის ფუნქცია მიენიჭოს.

„გარდა ამისა, ჩვენი მოთხოვნა და თხოვნაცაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მანდატიდან გავფართოვდეთ და კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის ფორმატის ფუნქციაც და მანდატიც მივანიჭოთ ამ ფორმატს. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით შესაძლებელია, განხორციელდეს გარკვეული ძვრები", — განაცხადა კვირიკაშვილმა პარლამენტში ოპოზიციურ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან" შეხვედრაზე.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფორმატში მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0