თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების წევრები საქართველოდან კვლავინდებურად ხშირად ჩადიან დანაშაულს ევროკავშირის ქვეყნებში, ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.
„ორგანიზებული დანაშულებრივი დაჯგუფებები საქართველოდან კვლავაც რჩებიან ევროკავშირის არაწევრი იმ ერების რიცხვში, რომლებიც ყველაზე ხშირად არიან ჩართულები სერიოზულ და ორგანიზებულ დანაშაულებში ევროკავშირის ტერიტორიაზე… ისინი განსაკუთრებით აქტიურობენ საფრანგეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში“, — ნათქვამია დოკუმენტში.
ევროკომისიაში აღნიშნეს, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები საქართველოდან ევროკავშირს საფრთხეს იმით უქმნიან, რომ მათი მხრიდან კრიმინალური ბაზრის კონტროლი თანდათან იზრდება, ამასთან, ისინი თანამშრომლობენ სხვა დაჯგუფებებთან, რომლებიც არ წარმოადგენენ ევროკავშირის ქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს სერიოზული ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ. მასში ნათქვამია, რომ ქვეყანამ გაააქტიურა თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე, ხოლო საქართველოს ეროვნული სტრატეგია, მოქმედების გეგმები და კანონმდებლობა რეგულარულად განიცდის განახლებას.
ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ მიმდინარე წლის მაისში დამტკიცებული 2017-2018 და 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში. სტრატეგიაში გათვალისწინებულია ბრძოლა „ქურდული სამყაროს“, ნარკოტრანზიტის, კიბერდანაშულისა და ორგანიზებული დანაშულის წინააღმდეგ ბრძოლას თანამედროვე პოლიციური მეთოდების გამოყენებით. გარდა ამისა დოკუმენტი ასევე მოიაზრებს ორ- და მრავალმხრივ თანამშრომლობას ოპერატიულ/არაოპერატიულ დონეებზე ორგანიზებულ დანაშულთან ბრძოლაში.
ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს შსს-ში 2015 წელს დაზვერვისა და საზოგადოებრივი მართვის სფეროებში რეფორმები დაიწყო, რაც ასევე გულისხმობს დანაშულის ანალიზის სისტემის შექმნას.
გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი თბილისში 2017 წლის აპრილში მოეწერა, ხოლო ივნისში საქართველოს პარლამენტმა მისი რატიფიცირება მოახდინა.
ევროკომისიის მონაცემებით, 2018 წლის იანვარში იგეგმება საქართველოსთან მოლაპარაკებები ევროიუსტთან შეთანხმების გაფორმების თაობაზე. ევროიუსტი არის ევროკავშირის სააგენტო, რომელსაც საქმე აქვს სასამართლო ორგანოებთან.
ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს ანტიკორუფციული რეფორმები და აღნიშნა, რომ აუცილებელია ყურადღება მიექცეს დეკლარირებული შემოსავლების შემოწმების მექანიზმის ეფექტურ რეალიზებას, რომელიც ძალაში 2017 წლის იანვარში შევიდა.