თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველომ, საქართველო-რუსეთის საზღვარზე საქონელბრუნვის მონიტორინგის შესახებ რუსეთთან ექვსი წლის წინ დადებული შეთანხმების ფარგლებში, ხელი მოაწერა კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანია SGS-თან, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
საქართველომ და რუსეთმა საბაჟო ადმინისტრირებისა და ტვირთების მონიტორინგის მექანიზმების შეათანხმებას 2011 წელს მიაღწიეს, როდესაც ქართულმა მხარემ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე ვეტო მოხსნა. პირობას წარმოადგენდა ის, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების გავლით რუსეთიდან სავაჭრო დერეფნები გადიოდეს და ტვირთების ნაკადის კონტროლისა და მათი მარკირების მიზნით მხარეებს საერთაშორისო შუამავლები უნდა მოეწვია. შედეგად არჩევანი შვეიცარიულ კომპანია SGS-ზე შეჩერდა.
„2017 წლის 19 დეკემბერს ბერნში, შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამავლობით, გაიმართა მოლაპარაკების დასკვნითი რაუნდი საქართველოს მხარესა და შვეიცარულ კომპანია SGS (Société Générale de Surveillance SA)-ს შორის", — აღნიშნულია განცხადებაში.
ქართულ დელეგაციას მოლაპარაკებებზე ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საგარეო საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
„მოლაპარაკების დასასრულს, საქართველოს შემოსავლების სამსახურმა ხელი მოაწერა შესაბამის კონტრაქტს კომპანია SGS-თან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს „საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების მექანიზმის შესახებ" საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული მონიტორინგი" — ნათქვამია განცხადებაში.
შეთანხმების პრაქტიკული რეალიზებისთვის საჭიროა, რომ ანალოგიურ კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანიასთან რუსულმა მხარემაც მოაწეროს ხელი და მხარეებმა კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება დაიწყონ.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა.
თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, 2009 წლიდან შვეიცარია საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის ფუნქციებს ასრულებს. თბილისში შცეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია მოქმედებს, ხოლო მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექცია ფუნქციონირებს.
ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული.