თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საფრანგეთის მიერ მოწოდებული საჰაერო თავდაცვის სისტემა უკვე საქართველოშია, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში.
საქართველომ საფრანგეთთან 2015 წლის ზაფხულში საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვებზე ორი ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტს გრიფი „საიდუმლო“ ადევს. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთი საქართველოს VL MICA-ს ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებსა და მობილურ რადიოლოკაციურ სადგურებს მიჰყიდიდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთი საქართველოს გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „მისტრალს“ მიჰყიდის.
„ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც შევიძინეთ უკვე ეს ტექნიკური აღჭურვილობა საქართველოშია, აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველი ფაზის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ჩვენი საჰაერო სივრცე იყოს მეტად დაცული და გვაქვს მზაობა, რომ მეორე ფაზა გავაგრძელოთ ფრანგ კოლეგებთან ერთად“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.
მეორე ფაზა გულისხმობს ქართველი ოფიცრების გადამზადებას, რასაც ასევე საფრანგეთი განახორციელებს.
საფრანგეთში აპრილში განხორციელებული ვიზიტისას იზორიამ დაათვალიერა საერთაშორისო სამრეწველო ჯგუფ Thales Group-ის ქარხნები, რომლებიც ავიაკოსმოსური, სამხედრო და საზღვაო გამოყენებისთვის საინფორმაციო სისტემებს უშვებენ. ის ასევე გაეცნო კომპანიებს, რომლებიც MBDA-ს ტიპის სარაკეტო სისტემებს აწარმოებენ. მინისტრი ადგილზე ასევე იარაღის წარმოებას გაეცნო.
ოთხშაბათს პარლამენტში მინისტრთა განახლებული კაბინეტის წევრები წარდგნენ. ხუთშაბათს დეპუტატებს გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა მოუწევთ.