საფრანგეთი 2018 წლიდან ქართველ ოფიცრებს საჰაერო თავდაცვას შეასწავლის

© FB / Ministry of Defence of Georgiaლევან იზორია და ფლორანს პარლი
ლევან იზორია და ფლორანს პარლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებმა ლევან იზორიამ და ფლორანს პარლიმ თბილისში მოლაპარაკებები გამართეს.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთი 2018 წლიდან გადაამზადებს ქართველ ოფიცრებს, რომლებიც საჰაერო თავდაცვის სისტემის მართვას შეისწავლიან, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ფრანგ კოლეგასთან ფლორანს პარლისთან შეხვედრის შემდეგ.

პარლი საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით ხუთშაბათს ეწვია. საფრანგეთის თავდაცვის უწყების პირველმა პირმა იზორიასთან მოლაპარაკებები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სამთავრობო დარბაზში გამართა, ნათქვამია სამინისტროს ვებ-გვერდზე.

„მინდა ვთქვა, რომ ჩვენ საფრანგეთთან თავდაცვის სფეროში კარგი ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს. განსაკუთრებით გამოვყოფ საფრანგეთის მხარდაჭერას საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნაში. ამ მიმართულებით მომავალ წელს ჩვენ ინტენსიურ მუშაობას ვგეგმავთ, კერძოდ, მომავალი წლის დასაწყისში ჩვენ მოვამზადებთ ოფიცრებს ამ სისტემაზე მუშაობისთვის", — განაცხადა იზორიამ.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება 37 ქართველი ოფიცრის გადამზადება.

ბათუმის ხედი - Sputnik საქართველო
ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს

საქართველომ ფრანგულ მხარესთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შესყიდვის თაობაზე ორი შეთანხმება გააფორმა 2015 წლის ზაფხულში. დოკუმენტებს გრიფი „საიდუმლო" დაედო. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთი საქართველოს VL MICA ტიპის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსებსა და მობილურ რადიოლოკაციურ სადგურებს გადმოსცემს.

2016 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი 2017 წლის დასაწყისში საქართველოში საჰაერო თავდაცვის სისტემების ელემენტების მოწოდებას დაიწყებს.

იზორიას თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემების შექმნასთან ერთად საქართველო საფრანგეთთან შავი ზღვის აუზის ქვეყნების უსაფრთხოების სფეროშიც თანამშრომლობს. ნოემბრის ბოლოს ბათუმში დაგეგმილია ფრანგული სამხედრო გემის ვიზიტი, რაც პირველი შემთხვევა არ არის. 2016 წლის ოქტომბერში ბათუმში საფრანგეთის სამხედრო–საზღვაო ძალების საბრძოლო გემი Premier maitre l'Her შემოვიდა.

„მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საფრანგეთი, როგორც ნატოს წევრი, შავი ზღვის აუზის ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში თავის წვლილს შეიტანს. ნოემბრის ბოლოს დაგეგმილია სამხედრო ხომალდის ვიზიტი, რომელსაც ჩვენ ბათუმში მივიღებთ", — განაცხადა იზორიამ.

საქართველო საფრანგეთთან სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობას ავითარებს.

„ბევრი სამხედრო მოსამსახურე განათლებას საფრანგეთში იღებს და მომავალშიც მიიღებს. უკვე დაფიქსირდა ერთმნიშვნელოვანი მზადება ამისთვის. ასე რომ, ჩვენ გვაქვს საუკეთესო საფუძველი იმისთვის, რათა ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდეს და გაღრმავდეს", — აღნიშნა იზორიამ.

როგორც საფრანგეთის თავდაცვის უწყების პირველმა პირმა აღნიშნა, მოცემული ვიზიტი იმის ნათელი მაგალითია, რომ ქვეყნები მჭიდრო პარტნიორები არიან.

„ჩვენ ძალზე მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს სამხედრო სფეროში. ჩვენ ასევე კარგად ვთანამშრომლობთ სამხედრო ინდუსტრიის მიმართულებით, უფრო მეტიც, საფრანგეთი და საქართველო ძალზე მჭიდროდ მუშაობენ ერთად. ჩვენ სენსიტიურად ვიღებთ სიტუაციას, რომელშიც თქვენი ქვეყანა იმყოფება. მინდა ჩემი ქართველი კოლეგა დავარწმუნო, რომ საფრანგეთი საქართველოს მხარს უჭერს", — განაცხადა პარლიმ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს არის ლევან იზორიას რიგით მეხუთე შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის მინისტრებთან. ფლორანს პარლისთან შეხვედრამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მოლაპარაკებები გამართა კანადელ, გერმანელ, ბრიტანელ და ლიტველ კოლეგებთან.

ყველა ახალი ამბავი
0