თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. თეატრალური პრემია „დურუჯი 2017“ თეატრის წლის საუკეთესო მოღვაწეებს თბილისში, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გადაეცა, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.
„დურუჯი“ — პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა, რომელსაც საქველმოქმედო ფონდ „ცისკარისა“ და „რედიქს ჯგუფის“ ორგანიზებით, გამოჩენილი მიღწევებისათის თეატრის ქართველ მოღვაწეებს უკვე მეცხრედ გადასცემენ.
საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის ჯილდო გადაეცა დავით დოიაშვილს (სპექტაკლი — „ბალიშის კაცუნა“; ვასო აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრი).
საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციის გამარჯვებული კახა კინწურაშვილი გახდა (სპექტაკლი — „ბალიშის კაცუნა“, ვასო აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრი), საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა ნატუკა კახიძემ (სპექტაკლი — „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება“, მარჯანიშვილის თეატრი).
ნომინაციაში საუკეთესო სცენოგრაფი გაიმარჯვა თამარ ოხიკიანმა (სპექტაკლი „ორკესტრის ტიტანიკი“, ფოთის, ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწფო დრამატული თეატრი). საუკეთესო თანამედროვე პიესის ავტორი კი თამთა მელაშვილი გახდა (პიესა „გათვლა“).
2017 წელს, ჯამში, 18 თეატრის 33 განაცხადი იქნა შემოტანილი.
როგორც კულტურისა და სპორტის სამინისტროში აღნიშნავენ, სამი თვის განმავლობაში კომპეტენტური ჟიური აფასებდა სპექტაკლებს, შედეგად მეორე ტურში შეირჩა სულ 23 ნომინანტი. ხუთი კატეგორიის გამარჯვებული ჟიურის წევრებს შორის ფარული კენჭისყრით ოფიციალურ ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე გამოვლინდა.