თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ახალგაზრდა მსახიობი ირაკლი კვირიკაძე, რომელიც რეზო გიგინეიშვილის გახმაურებულ თრილერში „მძევლები" მონაწილეობს, European Film Promotion-ის (EFP) ვერსიით, პერსპექტიული ევროპელი ვარსკვლავების ჩამონათვალში შევიდა.
European Film Promotion — ეს ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ქსელია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ევროპული კინოს გაყიდვას და პოპულარიზაციას ეწევა. იგი 1997 წელს არაკომერციული ორგანიზაციის ათმა წევრმა დააარსა და დღეისათვის მოწინავე საერთაშორისო სარეკლამო საზოგადოებაა, რომელიც პორტუგალიიდან საქართველომდე 37 ქვეყანაში 38 ორგანიზაციითაა წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ ათი ამომავალი ვარსკვლავის რეიტინგი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდა. სწორედ ბერლინში გაიმართა რეზო გიგინეიშვილის „მძევლების" პრემიერა, რომელშიც კვირიკაძე ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.
რეიტინგის ათივე წარმომადგენელი ბერლინში ოთხი დღის მანძილზე დაესწრებიან სამსახიობო მასტერ-კლასებს, შეხვდებიან ექსპერტებს, რეჟისორებს, პროდიუსერებს და კასტინგის დირექტორებს. 19 თებერვალს კი Berlinale Palast-ში თითოეულ მათგანს პრესტიჟული ჯილდო – European Shooting Stars Award-ი გადაეცემა.
ირაკლი კვირიკაძე 25 წლისაა. დამთავრებული აქვს საქართველოს შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სამსახიობო კურსი Stella Adler Studio of Acting-ის სტუდიაში გაიარა, რომელიც თავის დროზე დაამთავრა რობერტ დე ნირომ, ბენისიო დელ ტორომ და მარკ რუფალომ.
ფილმი "მძევლები" 1983 წლის 18 ნოემბერს თბილისში თვითმფრინავი „ტუ-134" —ის გატაცების რეალურ ისტორიას ეფუძნება. კვირიკაძე ფილმში ნიკას როლს ასრულებს, რომლის პროტოტიპი 21 წლის მსახიობი გეგა კობახიძე — თვითმფრინავის ერთ-ერთი გამტაცებელია.
ფილმში ირაკლისთან ერთად მთავარ როლებს ასრულებენ თინა დალაქიშვილი, მერაბ ნინიძე და სხვები. ფილმი 2017 წელს „კინოტავრის" ორგზის პრიზიორი გახდა.
აღნიშნული როლი ირაკლისთვის სრულმეტრაჟიან მხატვრულ კინოში სადებიუტო გახდა, თავად მუშაობა კი საერთაშორისო კარიერის საუკეთესო სტარტი.
ამ დროისთვის ირაკლი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. გატაცებულია ფერწერით და თხილამურებით. მისი მეუღლე 22 წლის ქართველი მოდელი ელენე მახარაშვილია.