თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, 2017 წელს დაგეგმილი ყველა მნიშვნელოვანი პროექტი აჭარაში განხორციელდა ან ამჟამად ხორციელდება, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ.
პატარაძემ აღნიშნა, რომ გაიზარდა სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ინვესტიციები 80 მილიონიდან 96 მილიონ ლარამდე, ასევე, 5 წლიანი პაუზის შემდეგ ამოქმედდა კურორტი გომარდული, დაიწყო ბათუმის სტადიონის მეგა-პროექტისა და ესტაკადის მშენებლობა, მიმდინარეობს ისტორიული პროექტის — მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოები, ხორციელდება 350-ზე მეტი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი.
სხდომაზე ყურადღება გაამახვილეს რეგიონში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ინგა შამილიშვილის განცხადებით, ყველა მუნიციპალიტეტის სასწავლო და კულტურულ დაწესებულებებში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან ერთად ეტაპობრივი იმიტირებული განგაში ტარდება.
ინფორმაცია ციტრუსის სეზონის თაობაზე წარმოადგინა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ. მისი თქმით, წელს ციტრუსის სეზონის წარმატება ბაზრების დივერსიფიკაციამ და ადგილობრივი პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა.
ციტრუსის სეზონი დასასრულს უახლოვდება, ამ ეტაპზე ექსპორტირებულია 16,3 ათასი ტონა სტანდარტული მანდარინი, მიღებული და გადამუშავებულია 4,7 ათასი ტონა არასტანდარტული მანდარინი.
სხდომას ესწრებოდა ბათუმი მერი ლაშა კომახიძეც. მან აჭარის მთავრობის წევრებს ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლისა და დაზარალებულების დახმარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მისი თქმით, ექსპერტიზისა და დეველოპერებთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის შენობა აშენდება და საჭირო გახდება თუ არა თანადაფინანსება. პატარაძემ კიდევ ერთხელ გამოთქვა მთავრობის მხრიდან დახმარების მზადყოფნა.
უფრო ადრე აჭარის მთავრობამ სამსართულიანი სახლის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო აფეთქდა. შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი — არასრულწლოვანი. ცხრა ოჯახი დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყვეს.
ბოლო დროს საქართველოში დინამიკურად ვითარდება ტურიზმის სფერო. ძირითადი ნაკადი ზღვისპირეთზე მოდის. ტურისტებისა და დამსვენებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ბათუმი.
აჭარას იანვარ-სექტემბრის პერიოდში 1,2 მილიონი უცხოელი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 5,4%-ით მეტია.