თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. UEFA კლასიფიკაციაში IV კლასის სტადიონს ბათუმში ააშენებენ.
20 ათას გულშემატკივარზე გათვლილი IV კლასის სტადიონი ითვალისწინებს 1,2 ათასი ავტომობილის პარკინგს, 500-ადგილიან VIP-ლოჟას, 25 პოზიციას ტელე და რადიოკომენტატორებისთვის და ორ — 5 მეტრი სიგრძისა და სიგანის და 2,3 მეტრი სიმაღლის ტელესტუდიას.
შეთანხმებას მშენებლობის დაწყების შესახებ ხელი მოეწერა კომპანია „ანაგსა" და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
მშენებლობას 34 თვე და დაახლოებით 99,5 მილიონი ლარი დასჭირდება.
სტადიონის ფასადი ქართული ცეკვა „ხორუმის" კონცეფციით აიგება და ყველა კონსტრუქცია შენობის ირგვლივ ამ ცეკვის ფიგურებს გამოსახავს.
თავად სტადიონი საქართველოს დროშის, გერბისა და აჭარის დროშის, ასევე ბათუმის „დინამოს" დროშის ფერებში განათდება.
ბათუმს სტადიონი 2006 წლიდან აღარ აქვს. ბათუმის კლუბი „დინამო" ქობულეთში ვარჯიშობს.