თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ დანაშაულის რაოდენობა გაიზარდა არასრულწლოვანთა, 14-წლამდელთა შორის, რომლებზეც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ ვრცელდება.
„უნდა დავაფიქსიროთ ის პრობლემები, რომელიც გვაქვს 14-წლამდე მოზარდებში დანაშაულის ზრდის კუთხით, განსაკუთრებით ისეთი დანაშაულის ზრდა, როგორიც არის ქურდობა", — განაცხადა გახარიამ პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.
პარლამენტში ოთხშაბათს მინისტრთა განახლებული კაბინეტის წევრები სიტყვით გამოდიან. დეპუტატებმა ხუთშაბათს კენჭი უნდა უყარონ გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით ახალი მთავრობისადმი ნდობის გამოხატვის საკითხს.
მასმედიის ინფორმაციით, ბოლო ორ თვეში თბილისში მაღაზიებში 50-მდე ქურდობა მოხდა ერთი სქემით: 14 წლამდე მოზარდების ჯგუფი შერბის მაღაზიაში, იღებს საქონელსა და ფულს და გარბის.
საქართველოში 2016 წლიდან არასრულწლოვან დამნაშავეთა მიმართ ცალკე მართლმსაჯულება მოქმედებს, რომელიც მსუბუქ სასჯელს, მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებას გულისხმობს.
პროკურატურის მონაცემებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში არასრულწლოვანებმა დაახლოებით 1,2 ათასი დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ სასჯელი მხოლოდ 377 შემთხვევაში მოიხადეს.