თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსთავში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს, აღნიშნულია სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
წუხელ ღამით რუსთავის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ქალი და ორი მამაკაცი დაიღუპა.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქალაქ რუსთავში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. ვუსამძიმრებ ხანძრისას დაღუპული ადამიანების ოჯახებსა და ახლობლებს, ამ მძიმე წუთებში გამძლეობას ვუსურვებ მათ", — ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
დაკვამლიანება იმდენად დიდი იყო, რომ საჭირო გახდა სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187 მუხლის მეოთხე ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა; დანაშაული ისჯება ცხრიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.