თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე წუხელ, გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა.
ხანძრის შედეგად სამი ადამიანი — ორი მამაკაცი და ერთი ქალი გარდაიცვალა. დაკვამლიანება იმდენად დიდი იყო, რომ საჭირო გახდა სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია.
ამ წუთებში კლინიკა „რუსთავში" ერთ დაშავებულს ოპერაცია უტარდება.
როგორც „Sputnik-საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187 მუხლის მეოთხე ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა; დანაშაული ისჯება ცხრიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.