თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომელიც უცხოური ნომრების მქონე ავტომობილების მფლობელებს საქართველოში შემოსვლისთანავე სატრანსპორტო საშუალების დაზღვევას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ ისინი საქართველოში ყოფნას არანაკლებ 15 დღის ვადით აპირებენ.
კანონპროექტს „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს. პროექტის თანახმად, სიახლე ძალაში 1 მარტს შევა.
დაზღვევის შეძენა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე იქნება შესაძლებელი. სადაზღვევო პაკეტის ღირებულება სატრანსპორტო საშუალების სახეობაზე და სადაზღვევო პერიოდის ვადაზეა დამოკიდებული. ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევა შესაძლებელი იქნება 15, 30 ან 90 დღის, ასევე ერთი წლის ვადით.
დაზღვევამ უნდა დაფაროს როგორც ფიზიკური, ისე მატერიალური ზარალი, რომელიც ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს დაზარალებულს მიადგა. ამ დროს ჯანმრთელობის მძიმე ზიანი სრულად იფარება, ნაკლებად მძიმე 60%-ით და 30%-ით. ერთი შემთხვევის დროს ფიზიკური ზარალისას ლიმიტი 30 000 ლარს შეადგენს, მატერიალური ზარალისას — 25 000 ლარს.
დაზღვევა არ დაფარავს ზარალს, რომელიც დაზღვეულის განზრახ მოქმედებამ გამოიწვია, ზარალს, რომელიც გამოწვეული იქნება საშიში ნივთიერებების გადატანით, ტერაქტებით, სამხედრო ოპერაციებით და სამხედრო მანევრებით, ასევე ზარალს, რომელიც წარმოიშვა შეჯიბრებების, სწავლებისა და ცდების დროს.
უცხოური ნომრების მქონე ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს ტერიტორიაზე დაისჯება ჯარიმით: მოტოციკლების, მსუბუქი ავტომობილების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისთვის — 100 ლარის ოდენობით, ავტობუსებისა და სატვირთოებისთვის — 200 ლარის ოდენობით.
ამ ჯარიმებისგან შემოსულ თანხებს პირველ ეტაპზე თანაბრად გაიყოფს 15 სადაზღვევო კომპანია, ხოლო მომავალში — კონკურენციიდან გამომდინარე.