საქართველოს ტელევიზიის პირველი თაობის ტელედიქტორი, ტელევარსკვლავი. იგი შესულია: თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგიაში, ქართული თეატრის ენციკლოპედიაში, თანამედროვე ქართულ პოეზიაში —„ორმაგი ავტოგრაფი“, ქართულ-ინგლისურენოვან ალბომში „მშვენიერება ზეცით მოსული“, ტელევიზიის საიუბილეო ალბომებში, პატრიოტული პოეზიის ანთოლოგიაში „შენ ხარ ვენახი“ და სხვა. ირმა გურიელი არის ორი პოეტური კრებულის ავტორი „ჩუმი ცეცხლი“ და „ნეტავი ჩაწვდე გულისთქმას“. მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესს და უნეტარეს ილია-II-ს მიუძღვნა პოეტური ტრილოგია „ქართველნო, ერთად ღვთისაკენ!“ იგი სცენარის ავტორი და რეჟისორია მხატვრულ-დოკუმენტური ფილმისა „უკან ჰრჩეს კვალი განათლებული.“ ასევე არის მინდია ხითარიშვილის როკ-ოპერის „თავფარავნელის ბალადა“ ლიბრეტოს ავტორი. საქართველოს ტელე-რადიოს ფონდში დაცულია ირმა გურიელის მიერ შესრულებული ათეულობით როლი და მის ლექსებზე შექმნილი სამოცდაათამდე სიმღერა.
- ქალბატონო ირმა, იმდენად მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული შემოქმედი ბრძანდებით, აღარც ვიცი, საიდან დავიწყო?
— მოდი, ბოლო ერთ წელს გადავხედოთ, დეკემბრიდან-დეკემბრამდე. გულახდილად გეტყვით, ამ წუთში მომაფიქრდა და მეც მაინტერესებს გავიხსენო რა გავაკეთე, თვალი გადავავლო განვლილ დღეებს….
- საინტერესოა, მართლაც რა სიახლეები მოხდა თქვენს ცხოვრებაში დეკემბრიდან დღემდე?
— დავიწყებ იმით, რომ 30 დეკემბერს, ტელევიზიის 60 წლის იუბილე აღინიშნა. შენობის ინტერიერში, პირველი თაობის ტელედიქტორების ფოტოები გამოიფინა და ფოიეში თორმეტი ტელევარსკვლავის სახელობითი სიმბოლო განთავსდა. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში დაიდგა ქართული როკ-ოპერის „თავფარავნელის ბალადა“ ახალი ვერსია. შეგახსენებთ, რომ პირველად ის წარმატებით დაიდგა 2010 წელს, ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე. ახალმა თეატრალურმა სივრცემ, განახლებულმა სცენოგრაფიამ და ორიგინალურმა რეჟისორულმა გადაწყვეტამ სპექტაკლი კიდევ უფრო წარმატებული და მიმზიდველი გახადა.

- ქალბატონო ირმა, ახლა გაკვირდებით და რატომღაც პოპულარულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ თქვენს მიერ განსახიერებული ცნობილი მსახიობი — ბორენა გამახსენდა…
— კარგი ეპიზოდი იყო: ომარის ამბების მოყოლა რომ არ აცალეს, არადა, ყველას აინტერესებდა… ბორენას შემდეგ მერი მასწავლებლის როლი მერგო, არაჩვეულებრივი რეჟისორების, ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის უკვე ძალიან გახმაურებულ, აღიარებულ ფილმში „ჩემი ბედნიერი ოჯახი.“ ამ ფილმის პრეზენტაცია საქართველოში ოქტომბერში შედგა. ფილმმა ამერიკასა და ევროპაში არა ერთი ფესტივალი მოიარა და პრიზებით დახუნძლული ჩამოვიდა. ჩემი ეპიზოდის შესახებ, შესაძლოა არც მეთქვა, რომ არა ერთი გარემოება: ბერლინალეს ფესტივალიდან დაბრუნებულმა ქასთინგის რეჟისორმა, ქალბატონმა ლელი მიმინოშვილმა დამირეკა და მითხრა: ყველას ძალიან მოეწონე. მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობების: ია შუღლიაშვილისა და მერაბ ნინიძის გვერდით, იქაურობა შენი ფოტოებით იყო მოფენილიო. ფოტო გერმანულ ჟურნალშიც დაიბეჭდა და ჩამოგიტანეო. ბუნებრივია, გამიხარდა, თუმცა გავიფიქრე, ეს რომ თბილისში მომხდარიყო, ალბათ, იტყოდნენ ჩააწყოო. ამ აზრმა ისე შემაწუხა, თბილისში პრეზენტაციის შემდეგ, რეჟისორს ვკითხე: ეს როგორ მოხდა-მეთქი? მან მომიგო: მე არ ჩავრეულვარ, ამას პროდიუსერები წყვეტენო. მაშინ ამოვისუნთქე. შეგახსენებთ, ეს ფილმი საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის კორპროდუქციაა.
- თბილისურ ჭორებს უფრთხით, ქალბატონო ირმა?
— უბრალოდ, არ მხიბლავს არანაირი პიარი, არც თეთრი და არც შავი. მე ვფიქრობ, „საქმემან შენმან“ თავად უნდა წარმოგაჩინოს.
- ამ დღეებში მოვისმინე კომპოზიტორ ზურაბ მჟავიას თქვენს ლექსზე შექმნილი სიმღერა „თუ სოხუმმა ერთხელაც არ აგამღერა“…
— მე ვფიქრობ, ეს სიმღერა სწორედ საჭირო დროს აჟღერდა ვაჟთა ვოკალური კვინტეტის „ნონაკორდი“ მიერ. 21 სექტემბერს, რუსთაველის თეატრში შედგა საერთაშორისო ქართულ-ფინურ-აფხაზური პროექტით დაგეგმილი ღონისძიება „ევროპა ჩვენი საერთო სახლია“. პროექტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მანანა კვენეტაძე-მაჭავარიანმა მთხოვა საღამო მე მომემზადებინა. ეს პროექტი წლებია, მუშაობს, მასში მონაწილეობისთვის ჩამოდიან ახალგაზრდები კონფლიქტის ზონებიდან და თანატოლებს ხვდებიან, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობენ. სწორედ ამ მოგზაურობების შედეგად შეიქმნა ქართულ-აფხაზურ ენოვანი ფილმი „გვახსოვდეს!“
- ქალბატონო ირმა, თქვენი ახალი დოკუმენტური ფილმი სწორედ მაშინ ხომ არ შექმენით?
— დიახ, ზუსტად იმ დროს და თანაც, უმოკლეს დროში შევქმენი. მასზე მუშაობდნენ: კომპოზიტორი მერაბ მამულაშვილი, ოპერატორი სოლომონ ბაიაშვილი და სხვა არაჩვეულებრივი ადამიანები. ფილმში ამ სიმღერის კლიპიც შევიდა. აქვე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თამარ გვერდწითელის ჰიტად ქცეული სიმღერა „საქართველო“ წელს იუბილარია და იმ სიმღერის ლექსის ავტორი მე ვარ. ზემოთ ხსენებული სიმღერა სოხუმზე ჩემს ლექსზე შეიქმნა. ოღონდ, ახლა პირიქით მოხდა: თამარ გვერდწითელის თხოვნით ლექსი უკვე შექმნილ მელოდიაზე ოცდაათი წლის წინ იყო დავწერე.
- ვიცი, რომ თავადაც მღერით და ალბათ ეს გეხმარებათ იმაში, რომ მზა მელოდიებს ლექსები მოარგოთ?
— სწორად ასეა. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა ბერტოლდ ბრეხტის და კურტ ვაილის შედევრს „სამგროშიან ოპერა“ შევეჭიდე. პიესის თარგმნა რთული არ იყო, როგორც მსახიობმა სცენური სიტყვა და მისი წყობა კარგად ვიცი, მაგრამ პიესაში სასიმღერო ლექსებია. ეს პიესა ასეთი სრული სახით საქართველოში არ დადგმულა. კურტ ვაილის ოცდაერთ სიმღერაში ბრეხტის აზრები იყო ლექსად ჩასასმელი და ეს კი ენით აუწერელ შრომას მოითხოვდა. ზუსტი მარცვალი, ზომა, მახვილი, რომელიც უცხო ენაში განსხვავებულია, სიტყვაში საჭირო ინტონაციის დროს მჟღერი ხმოვანი ბგერის დამთხვევა — გაცილებით რთულია, ვიდრე მზა ქართულ მელოდიაზე ლექსის წერა. სპექტაკლი დადგა დღეს უკვე აღიარებულმა რეჟისორმა გიორგი თავაძემ, რომელიც საბედნიეროდ ჩემი შვილია და ერთობლივი ძალისხმევით, დღე-ღამის გაერთიანებით და რაც მთავარია, უფლის შეწევნით ეს ამოცანა წარმატებით დავძლიე. ამაში ადვილად დარწმუნდებით თუკი მუსიკისა და დრამის თეატრში წარმატებით დადგმულ „სამგროშიან ოპერას“ ნახავთ.

აი, ასეთი იყო ჩემი ცხოვრება და საქმიანობა დეკემბერიდან-დეკემბრამდე. ბოლოს მინდა მადლობა გადაგიხადოთ და კარს მომდგარი შობა-ახალი წელი მოგილოცოთ. 2018 წელი სრულიად საქართველოსთვის მშვიდობის, შერიგების, ურთიერთსიყვარულის, საქართველოს გამთლიანების, ერის გაძლიერების და გამრავლების, დღეგრძელობის, ხვავის და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს…