ენერგეტიკის ექს-მინისტრი ილია ელოშვილი თბილისის მერის მოადგილე გახდა

© Sputnik / Alexander Imedashviliილია ელოშვილი
ილია ელოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიგა ნიკოლაიშვილი, რომელიც მერის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, დაცვის პოლიციას უხელმძღვანელებს

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი მოადგილე ილია ელოშვილი დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

ილია ელოშვილი ენერგეტიკის ყოფილი მინისტრია. მან აღნიშნულ თანამდებობაზე გიგა ნიკოლაიშვილი ჩაანაცვლა, რომელიც მომავალში დაცვის პოლიციას უხელმძღვანელებს.

 „დღეს მერის მოადგილის თანამდებობაზე მინდა წარმოგიდგინოთ ილია ელოშვილი. ჩვენ ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ 2012 წლიდან. ილიას დამსახურება ძალიან დიდია საქართველოში ენერგეტიკის სფეროს წინსვლაში. ერთიანი ძალისხმევით, ახალი ენერგიით, ჩვენ ძალიან ბევრს გავაკეთებთ ჩვენი დედაქალაქისთვის,'' — განაცხადა კალაძემ.

ელოშვილმა ენერგეტიკის მინისტრის პორტფელი მას შემდეგ ჩაიბარა, რაც კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებში მმართველი პარტია  „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატად ჩაერთო.

თბილისის მერი კახა კალაძე - Sputnik საქართველო
სამი თვე რეფორმებისთვის - კალაძე მერიის განახლებას გეგმავს

საქართველოს მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, რომლის შედეგად სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე შემცირდა, გაუქმდა ენერგეტიკის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცა. აქედან გამომდინარე, ილია ელოშვილი მინისტრის პორტფელის გარეშე დარჩა.

ილია ელოშვილმა 1999 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (საერთაშორისო ბიზნესის სამართალი), 2005 წელს უტრეხტის პროფესიული განათლების უნივერსიტეტი (ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი).

2008 წელს ელოშვილი იყო შპს "ვისოლის გაზის სადისტრიბუციო კომპანიის" გენერალური დირექტორი, 2008-2010 — ფონდ  „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს"აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, 2010-2011 წლებში- შპს  „ნიუ ენერჯის" ტექნიკური დირექტორი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ელოშვილი დაინიშნა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ.

ილია ელოშვილის გარდა, თბილისის მერის მოადგილის პოსტი უკავიათ ირაკლი ხმალაძეს (ვიცე-მერი), მაია ბითაძეს და ირაკლი ბენდელიანს.

ყველა ახალი ამბავი
0