თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სამშაბათს იტალიელი კომპოზიტორის, პიეტრო მასკანის ოპერის „სოფლის ღირსება" განახლებული ვერსიის პრემიერა გაიმართება. ოპერა 1890 წელს ჯოვანი ვერგას ნოველის მიხედვით შეიქმნა.
ოპერა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია ვერიზმის მიმდინარეობისა (იტალიურად verismo, vero — ჭეშმარიტი, ნამდვილი — რეალისტური მიმართულება იტალიურ ლიტერატურასა და ხელოვნებაში) და ხშირად სრულდება ამ მიმართულების მეორე ასევე ძალზე ცნობილ, რუჯერო ლეონკავალოს ოპერა „ჯამბაზებთან" ერთად.
„სოფლის ღირსების" პრემიერა 1890 წლის 17 მაისს რომის თეატრ „კონსტანციში" გაიმართა და დიდი წარმატება ხვდა წილად. იმავე წელს ოპერის პრემიერა იტალიის რიგ ქალაქებსა და ბერლინში გაიმართა.
მასკანის ოპერის პრემიერა საქართველოში 1892 წლის 12 იანვარს გაიმართა. ოპერა შეასრულეს თბილისის არტისტული საზოგადოების კლუბის წევრებმა.
ოპერის განახლებულ ვერსიაზე, რომელსაც თბილისელები 19 დეკემბერს მოისმენენ, იმუშავეს რეჟისორმა ვიქტორ გარსია სიერამ (იტალია), დირიჟორმა ზაზა აზმაიფარაშვილმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი მაისურაძემ. სპექტაკლის ეს ვერსია პირველად გენუაში, Teatro Carlo Felice-ში დაიდგა, ნათქვამია ოპერისა და ბალეტის თეატრის Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
სცენოგრაფია ეკუთვნის იტალო გრასის (იტალია) ეკუთვნის, ხოლო კოსტიუმები სპეციალურად ქართული პრემიერისთვის მადრიდში, PERIS COSTUMES —ის სამკერვალოში დამზადდა.
მთავარ როლებს საპრემიერო სპექტაკლში ასრულებენ: მოწვეული სოლისტები — მიხელ შეშაბერიძე და ნინო სურგულაძე, თბილისის თეატრის სოლისტები — სულხან გველესიანი, ელენე ჯანჯალია და ირინა ალექსიძე. ასევე სპექტაკლში მონაწილეობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი.
ოპერის საპრემიერო წარმოდგენები გაიმართება 19, 20, 23 და 24 დეკემბერს. დასაწყისი 20:00 საათზე. ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებსა და ონლაინ — tkt.ge