თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე პარამედიკოსების მომზადება დაიწყო, აღნიშნულია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.
პარამედიკოსები არიან სამედიცინო განათლების მქონე სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ სასწრაფო დახმარების, ავარიულ-სამაშველო სამსახურებსა და სამხედრო ქვედანაყოფებში და შეუძლიათ საგანგებო სამედიცინო დახმარება ჰოსპიტალიზებამდე.
სამინისტრო პირველ ეტაპზე 11 სპეციალისტის მომზადებას გეგმავს. ისინი გაივლიან გადაუდებელი დახმარების ოთხთვიან პრაქტიკულ და თეორიულ კურსს. ინტენსიური თეორიული მომზადების შემდეგ, თვენახევრის განმავლობაში კატასტროფის ეკიპაჟებთან და სასწრაფო დახმარების ბრიგადებთან იმუშავებენ.
კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსანტები მიიღებენ მათი პროფესიული უნარების დამადასტურებელ სერტიფიკატს. შემდეგ პარამედიკოსები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონულ სამსახურებში განაწილდებიან.
პარამედიკოსთა მომზადების პროექტი ამიერკავკასიაში პირველად ხორცილდება და გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
პირველი ნაკადის გადამზადება 2018 წელს დასრულდება.
ტერმინი „პარამედიკოსი" წარმოიშვა და გამოიყენება აშშ-ში და ნიშნავს „პარაპროფესიონალს", ანუ „ნახევრადპროფესიონალს" ან პროფესიონალის თანაშემწეს. ესენი არიან სპეციალისტები, რომელთაც აქვთ შესაბამისი პროფესიული მომზადება, არა აქვთ უმაღლესი განათლების დიპლომი, მაგრამ გავლილი აქვთ სპეციალიზაციის კურსები და ჩაბარებული — საკვალიფიკაციო გამოცდა.