თბილისი, 31 მარტი — Sputnik. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო სიმპოზიუმი ბათუმში 6-9 აპრილს ჩატარდება, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა.
სიმპოზიუმის მიზანია – ექიმებს საქართველოდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან გამოცდილების გაზიარებისა და აღნიშნულ სფეროში არსებული სიახლეების გაცნობის საშუალება მიეცეთ. სიმპოზიუმში აღნიშნული ქვეყნებიდან დაახლოებით 100 ექიმი მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიება ოჯახის ექიმების საერთაშორისო სიმპოზიუმის ერთგვარი გაგრძელებაა, რომელიც 2016 წელს გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება ბათუმში პირველად იმართება, მომავალ წელს კი მას ბაქო უმასპინძლებს.
სიმპოზიუმის მონაწილეთა ანგარიშები მრავალპროფილური იქნება. სიმპოზიუმზე იმსჯელებენ დაავადებებზე, რომლითაც ყველაზე მეტად იტანჯებიან პაციენტები და რის გამოც მიმართავენ ოჯახის ექიმებს – გულ-სისხლძარღვთა სისტემა, რესპირატორული, ნევროლოგიური დაავადებები, ტრავმები და ა.შ.
ღონისძიების ფარგლებში 6 აპრილს ბათუმში ლაბორატორიულ მედიცინაში ტრენინგი ჩატარდება და ასევე გაიმართება პირველადი სამედიცინო დახმარების საჩვენებელი ტრენინგ-კურსი.
სიმპოზიუმის ორგანიზატორები არიან ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ოჯახის ექიმთა და გადაუდებელი დახმარების ასოციაცია.