თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის, მწერლისა და ენათმცოდნის, გივი მარგველაშვილის 90 წლის იუბილე გოეთეს სახელობის თბილისის ინსტიტუტში აღნიშნეს.
იუბილეს პროგრამა მიეძღვნა მწერლის ცნობილ სამეცნიერო ნამუშევრებს, მის ფილოოსოფიას, ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ღონისძიებაზე გივი მარგველაშვილის ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს.
საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ მწერლის ახლო მეგობრები — ლიტერატურათმცოდნე და მთარგმნელი სერგო ოქროპირიძე, პუბლიცისტი და თარჯიმანი ეკე მაასი, ცნობილი მწერალი და გერმანისტი ნაირა გელაშვილი.
აღიარებული ფილოსოფოსი და ეგზისტენციალისტი გივი მარგველაშვილი დაიბადა 1927 წლის 14 დეკემბერს ბერლინში ქართველი ემიგრანტის ოჯახში. მამამისი ტიტუს მარგველაშვილი გამოჩენილი ფილოსოფოსი და სახელმწიფო მოღვაწე იყო. 1945 წლის შემდეგ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა ინგლისურ ენას.
1950-იან წლებში გერმანელი ფილოსოფოსის მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფიის ფენომენოლოგიაზე მშობლიურ გერმანულ ენაზე წერდა. 1957-1970 წლებში უცხო ენათა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტში გერმანული და ინგლისური ენების პედაგოგი იყო. 1962 წელს 22-წლიანი პაუზის შემდეგ გაემგზავრა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (შოთა რუსთაველის სახელობის თეატრთან ერთად თარჯიმნის სტატუსში).
1971 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი გახდა. იმავე წელს ბერლინში გაიცნო დისიდენტი და ბარდი ვოლფ ბირმანი, რისთვისაც მარგველაშვილს 1987 წლამდე სსრკ-ის საზღვრების დატოვება აეკრძალა. 1990 წელს დაცხოვრებლად ბერლინში დაბრუნდა.
2013 წელს გოეთეს ინსტიტუტისა და DVV International-ის ინიციატივით გერმანულ-ქართულ ურთიერთობებში განსაკუთრებული წვლილისათვის გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია დაწესდა. თავად მწერალი და ფილოსოფოსი უამრავი პრესტიჟული პრემიისა და ჯილდოს მფლობელია.