თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. წეროვანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემნახველი საწარმო — შპს „წეროვანი აისი“ გაიხსნა, ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს Facebook-გვერდზე.
ახალი საწარმო სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში გაიხსნა.
„წეროვანი აისის“ შემნახველ მეურნეობაში ერთდროულად 300 ტონა სხვადასხვა ბოსტნეული კულტურის განთავსება იქნება შესაძლებელი.
საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული.
კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 520,6 ათასი დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან თითქმის 208,3 ათასი დოლარი გრანტია, ხოლო 260,3 ათას დოლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი.
2018 წელს კომპანია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით საერთაშორისო სტანდარტის HACCP-ის სერტიფიკატის აღებასაც გეგმავს.
2013 წლიდან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით ახორციელებს. პროექტების ფარგლებში, შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შეიქმნა 10 ახალი საწარმო და გაფართოვდა 9 საწარმო, ხოლო საქართველოს მასშტაბით „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 166 ახალი საწარმო.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე. მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას.