თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. გორში ხორცისა და თევზის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა გაიხსნა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, ნათქვამია შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საწარმო სახელმწიფო პროგრამა „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა. წლიურად ახალ ქარხანაში 300 ტონა სხვადასხვა სახის კონსერვებისა და სუპების დამზადება იქნება შესაძლებლი. საწარმოში 230 ადამიანია დასაქმებული.
ქარხანა „ბატონოს“ გახსნას ესწრებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი, მამუკა კვარაცხელია და შიდა-ქართლის გუბერნატორი, კახა სამხარაძე.
კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 459 800 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 183 900 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 229 900 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.
2013 წლიდან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახალი საწარმოების შექმნის მიზნით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. სააგენტო გასცემს შეღავათიან სესხებს როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 162 ახალი საწარმო. აქედან შიდა-ქართლის რეგიონში შეიქმნა 19 ახალი და გაფართოვდა 81 საწარმო.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე. მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას.