თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით სამი პირი წალკაში ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორი ბრალდებული 17 წლისაა, მესამე 15 წლის მოზარდია.
გამოძიებით დადგინდა, რომ მარაბდა-კარწახის რკინიგზის სადგურ „ნინოწმინდაში“, გაჩერებული დრეზინიდან სპილენძის სადენების მოიპარვით ბრალდებულებმა კომპანია „ATEF GEORGIA“-ს 4324 ლარის ზარალი მიაყენეს.
წალკის გასასვლელთან დაკავებულების ავტომანქანიდან, პოლიციამ ნაქურდალი სადენები ნივთმტკიცებად ამოიღო.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მარაბდა-კარწახის მონაკვეთზე ბოლოს მომხდარი დანაშაული მიმდინარე წლის 21 ნოემბერს დაფიქსირდა, როდესაც შპს „დემირიოლ სერვისის" თანამშრომლებმა ამავე კომპანიის კუთვნილი რელსები მოიპარეს.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე აშენდა. ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტის სიგრძე 846 კილომეტრს შეადგენს.