თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფა არ არის სახელმწიფოს ან სკოლის კეთილი ნება, ის სახელმწიფოს ვალდებულებაა, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას რეკომენდაციაში.
2017 წლის 7 დეკემბერს სახალხო დამცველმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს მიმართა რეკომენდაციით არასრულწლოვანი პირის ჯანმრთელობის ნიშნით ირიბი დისკრიმინაციის ფაქტზე.
„ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფა არ არის სახელმწიფოს ან სკოლის კეთილი ნება, იგი განათლების საყოველთაო კონსტიტუციური უფლების არსიდან და სახელმწიფოს შესაბამისი პოზიტიური ვალდებულებიდან ბუნებრივად გამომდინარეობს. ამდენად, ინკლუზიური განათლება უნდა მივიჩნიოთ განათლების კონსტიტუციური უფლების რეალიზების იმგვარ ფორმად, რომლის არამართლზომიერი შეზღუდვაც ავტომატურად ნიშნავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევას“, — ნათქვამია რეკომენდაციაში.
როგორც რეკომენდაციაშია აღნიშნული, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლე ლ.ს-ს ჰიპერაქტივობის გამო ხშირად უწევდა სკოლებისა და კლასების გამოცვლა. შესაბამისად, მოსწავლეს უჭირდა როგორც განათლების მიღება, ისე საზოგადოებასთან შეგუება. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვთან მუდმივად არ მუშაობდა სპეციალისტი, მისი მდგომარეობა გაუარესდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ მან ჯერ სხვა მოსწავლე დააზიანა, შემდეგ კი სცადა, საკუთარი თავისთვის მიეყენებინა ზიანი.
აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვან ლ.ს-ს არც მომხდარის შემდეგ ჰყოლია სპეციალური მასწავლებელი. მის მაგივრობას ბავშვს დედა უწევდა და შესაბამისად, როგორც სახალხო დამცველის რეკომენდაციაშია ნათქვამი, „ის სრულყოფილად ვერ სარგებლობდა ინკლუზიური განათლების უფლებით, რამდენადაც დედა მას ვერ გაუწევს სათანადო პროფესიონალურ დახმარებას“.
როგორც უწყება განმარტავს, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ არ ხდება ბავშვის სპეციალური საჭიროების გათვალისწინება და მას ხელოვნურად ათანაბრებდნენ სხვა მოსწავლეებთან.
ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი მოვალეობის შესრულებას 2017 წლის 8 დეკემბერს შეუდგა. მან უჩა ნანუაშვილი შეცვალა, რომელიც სახალხო დამცველის აპარატს ხუთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ლომჯარიას კანდიდატურა ამ თანამდებობაზე მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ წამოაყენა. მისი კანდიდატურა ქვეყნის პარლამენტმა ნოემბრის ბოლოს დაამტკიცა.