თბილისი, 17 დეკემბერი —Sputnik. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომრის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება, ნათქვამია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარის არჩევნები 2017 წლის 9 დეკემბერს გაიმართა. არჩევნებში 12 კანდიდატი მონაწილეობდა.
17 დეკემბერს გამოქვეყნებული პირველი ტურის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობა.
ხმის დამთვლელმა კომისიამ მიიჩნია, რომ კრებაზე დამსწრე წევრთა რაოდენობა უნდა განისაზღვროს კრებაზე რეგისტრაციაგავლილ ადვოკატთა რაოდენობიდან (2324 წევრი), საიდანაც ხმათა უბრალო უმრავლესობა ვერ მიიღო ვერცერთმა ადვოკატმა. შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომრის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნება.
ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონით და სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წესდების მიხედვით, თავმჯდომარის არჩევნებში საბოლოო გამარჯვებულის გამოსავლენად კენჭისყრის მეორე ტური უნდა გაიმართოს არაუგვიანეს 14 დღის განმავლობაში.
მეორე ტურში ყველაზე მეტი ხმის მქონე ორი კანდიდატი, დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია მიიღებენ მონაწილეობას. პირველ ტურში დავით ასათიანმა მიიღო 1129 ხმა, ხოლო ლევან ჯანაშიამ — 635 ხმა.
თავმჯდომარის გარდა, ადვოკატები აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკისა და სარევიზიო კომისიის წევრებსაც ირჩევდნენ.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია 2006 წლის იანვარში ჩამოყალიბდა. 2009 წელს ოთხი წლის ვადით აირჩიეს მისი პირველი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, 2013 წელს კი ის მეორე ვადით აირჩიეს.