თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობის სახელმწიფო თეატრში 19 და 20 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლ „ედიტ პიაფის“ საპრემიერო ჩვენებები. სპექტაკლი ფრანგი საკულტო მომღერლისა და მსახიობის ცხოვრებას ეძღვნება.
ქართველი დრამატურგის, ნინო სადღობელაშვილის პიესის მიხედვით რეჟისორ გიორგი სიხარულიძის დადგმა ბათუმის დრამატული თეატრის, „ახალი სცენისა“ და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის კოპროდუქციაა.
პიესა მოგვითხრობს საფრანგეთის ლეგენდის სიცოცხლის ბოლო დღეებზე, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, მომღერლის ბედსა და ცხოვრებაზე.
„ედიტ პიაფის ცხოვრებაზე ფილმი უნდა გადაიღონ, პროდიუსერები დიდ ფულს დებენ და ედიტს საკუთარი თავის განსახიერებას სთხოვენ. პიაფის ქმარი, თეო (თეოფანოს ლამბუკასი) ცდილობს დაიყოლიოს ედიტი, რადგან ვალებში მყოფს ეს ერთადერთ ხსნად ესახება. მძიმე სულიერ მდგომარეობაში მყოფ მომღერალს უკრძალავენ სიმღერას, სხვა პროექტებში მონაწილეობას, მაგრამ ედიტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ სიმღერაა. სიმღერა, რომელიც მისთვის ყველაზე დიდი სიყვარულია“, – ნათქვამია სპექტაკლის ანოტაციაში.
სპექტაკლში პიაფის როლს თამაშობს მსახიობი მაია ცეცხლაძე, თეოს როლს – ტიტე კომახიძე. სპექტაკლში ასევე თამაშობენ: აბელ სოსელია, კახა კობალაძე, ქეთი ეგურიძე, ზაალ გოგუაძე, დათო ჯაყელი და მამუკა მანჯგალაძე.
სპექტაკლის პრემიერა ბათუმში ამა წლის ოქტომბერში გაიმართა, შემდეგ ის ქუთაისში წარმოადგინეს.
სპექტაკლზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია კინომსახიობთა თეატრის სალაროებსა და ონლაინ biletebi.ge
ედიტ პიაფის ნამდვილი სახელი და გვარია ედიტ ჯოვანა გასიონი. მან მუსიკალური ოლიმპისკენ რთული გზა განვლო. თავდაპირველად ის ქუჩის მომღერალი იყო. შემდეგ შეამჩნია იმპრესარიო ლუი ლეპლემ და გოგონა კაბარე „ჯერნისში“ მიიწვია. პირველივე გამოსვლებზე ედიტს დიდი წარმატება ხვდა წილად. მსოფლიო აღიარება მოუტანა სიმღერებმა Non, je ne regrette rien, La Vie en rose, Hymne à l"amour, Mon légionnaire, La Foule, Milord, Tu es partout, Mon Dieu და L"Accordéoniste.
პიაფი გამოდიოდა საფრანგეთში, საბერძნეთსა და ამერიკაში. მან ბევრ დამწყებ ხელოვანს გაუკვალა გზა წარმატებისკენ, მათ შორის ივ მონტანს, ედი კონსტანტენს, შარლ აზნავურსა და სხვებს.
ედიტ პიაფს იღებდნენ ფილმებშიც. 1952 წელს ის ორჯერ მოხვდა ავტოკატასტროფაში. ტკივილების შესამსუბუქებლად მას მორფს უკეთებდნენ. ამის შედეგად ის ნარკოდამოკიდებული გახდა. 1961 წელს ედიტმა შეიტყო, რომ ღვიძლის კიბო ჰქონდა. გარდაიცვალა 1963 წლის 10 ოქტომბერს. უკანასკნელ გზაზე პიაფი პერ–ლაშეზის სასაფლაოზე 40 ათასზე მეტმა ადამიანმა გააცილა.