თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik.იუნესკოს სათავო ოფისსი პარიზში ქართველი რეჟისორ მარიამ ხაჭვანის ფილმ „დედეს“ ოფიციალური ჩვენება გაიმართა, ნათქვამია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
ჩვენებას წინ უსწრებდა გამარჯვება საერთაშორისო კინოფესტივალ „აზიის ოსკარზე“, ნომინაციაში „კულტურული მრავალფეროვნება“. აღნიშნული კატეგორია „აზიის ოსკარზე“ იუნესკოს პატრონაჟით გადის.
კინოფილმი „დედე" სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც თავისი სიყვარულისთვის იბრძვის, მაგრამ ამ მხარეში ტრადიციები სიყვარულზე მაღლა დგას. ფილმის გადაღება სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. მსახიობთა უმრავლესობა სვანები არიან და ფილმში უმეტესად სვანური საუბარი ისმის.
თავად რეჟისორი მარიამ ხაჭვანი სოფელ უშგულში დაიბადა. 2008 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელეკინორეჟისურის ფაკულტეტი დაამთავრა. რQARმდენიმე მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმის ავტორია. 2012 წელს მისი კინოსცენარი "დედე" ქართული ლიტერატურული პრემია „გალას" პრიზიორი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ფილმი „დედე“კარლოვი ვარის 52-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორია. ხაჭვანის სურათი, რომელიც მონაწილეობდა საკონკურსო პროგრამაში East of the West–ი, ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა.
2017 წლის ოქტომბერში ფილმმა ორი ჯილდო მოიპოვა: პოლონეთის კინოფესტივალ „ტოფიფესტზე“ საუკეთესო რეჟისორურისთვის „ვერცხლის ანგელოზით“ დაჯილდოვდა, ხოლო საფრანგეთში, მონპელიეს Cinemed–ის ფესტივალზე მაყურებლის სიმპათიის პრიზი მოიპოვა.
კინოპრემია Asia Pacific Screen Awards ავსტრალიის მთავრობის ინიციატივით იუნესკოსა და კინოპროდიუსერების საერთაშორისო ასოციაციის მხარდაჭერით 2007 წელს შეიქმნა. პრემიის ამოცანებში შედის ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთქმედება და აზია-წყნარი ოკეანეს რეგიონისადმი ინტერესის გაღვივება.