თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. 2018 წლის იანვრიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ბავშვებსა და მოზარდებს შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით მასშტაბური სპორტული კამპანია იწყება.
ახალი პროექტის დაწყება თბილისის №45 საჯარო სკოლაში დააანონსეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.
ჩხენკელის თქმით, განათლებული, სულიერად და ფიზიკურად ჯანმრთელი თაობა — ეს არის ქვეყნის ადამიანური კაპიტალი და სწორედ ამიტომ სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სპორტის განვითარებას.
გუნდურ შეჯიბრებებში ყველა ასაკის მოსწავლეები ჩაერთვებიან. მოსწავლეთა გუნდები, რომლებიც თავიანთ სკოლებში გაიმარჯვებენ, სხვა სკოლების მოსწავლეებს შეეჯიბრებიან. შემდგომში მოსწავლეებს საქართველოს პირველობაზე ასპარეზობა მოუწევთ.
ფინალში გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას საერთაშორისო ტურნირებში მიიღებენ და ევროპელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.
საქართველოს სასკოლო სპორტული შეჯიბრებების ჩატარების გამოცდილება გააჩნია. სამი წლის წინ დაიწყო პროექტ „სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ განხორციელება. მასში საქართველოს 350 სკოლის 12 000 მოსწავლე მონაწილეობს. 2018 წელს საუკეთესო სპორტული გუნდის ტიტულზე 1700 სკოლის 100 000 მოსწავლე იბრძოლებს.
სპორტის შვიდივე სახეობის გამარჯვებულები (მინი-ფეხბურთი, კალათბურთი, სამაგიდო ჩოგბურთი, კროსი, განდბოლი, ფრენბურთი, ბადმინტონი) მსოფლიო სასკოლო თამაშებზე გაემგზავრებიან.
უწყებაში დარწმუნებულნი არიან, რომ სპორტულ თამაშებში მოსწავლეების მონაწილეობა დაეხმარება მათ სწორად განკარგონ დრო, იყონ განათლებულები და ჯანმრთელები როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად.