დღეს თბილისში ცირკი აღარ მუშაობს და საცირკო წარმოდგენის ხილვა პატარებს სამწუხაროდ მხოლოდ ფილმების საშუალებით შეუძლია. ამ ჟანრის პროფესიონალები კი იძულებული არიან უცხოეთში გაემგზავრონ და სხვა ქვეყნის პატარებს მოუწყონ სასწაული, სახელად ცირკი…
დღეს ქართული ცირკის კიდევ ერთი ძველი მუშაკი, პაატა ძულიაშვილი მინდა გაგაცნოთ. მისი შოუ-გამოსვლები ისეთ ადგილებში იხილეს, როგორი იყო: „აკრო ცირკი“, „გალაქსი ცირკი“, „მონგოლ ცირკი“ და ხმელთაშუა ზღვის ტურისტული ზონა. ქართველი ილუზიონისტი 20 წლის მანძილზე თურქეთის საკონცერტო და სპორტულ დარბაზებში, ფესტივალებსა და კონკურსებზე გამოდის. ბატონი პაატა თურქეთის 2010 წლის ხელოვნების ფესტივალის ლაურეატია. ამჟამად საქართველოში ცხოვრობს, მას კახეთში დავუკავშირდით.
- ბატონო პაატა, არ გეკითხებით რატომ, უბრალოდ გკითხავთ: როგორ მოხვდით ამ სფეროში?
— ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ ან მფრინავი გამოვსულიყავი ან ცირკის მსახიობი. მფრინავი ჩემგან არ გამოვიდა, ცირკის მსახიობი კი იმიტომ გავხდი, რომ სულ მინდოდა, ბავშვები გამეხარებინა და რაც მთავარია, ისინი გამეოცებინა. იმ დროს კრასნოდარში ვმუშაობდი და ყველაფერი ქალაქის ქუჩაში გამოკრული განცხადების გაცნობით დაიწყო. კედელზე დავინახე განცხადება, რომელიც იტყობინებოდა, რომ კრასნოდარის სახალხო ცირკი „ფანტაზია“ სტუდიაში მოსამზადებლად მოსწავლეებს იწვევდა. მივედი და სტუდიაში ჩავეწერე. გარვეული დრო იქ ვიარე და ამ სფეროზე ზოგადი წარმოდგენა შემექმნა, საბაზისო განათლება მივიღე და მერე თბილისშიც წამოვედი.
- ანუ ამ სფეროს პროფესიონალი საქართველოში გახდით და ილუზიონისტობა რატომ მოისურვეთ?
— როცა თბილისში ჩამოვედი, საესტრადო-საცირკო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელში ჩავაბარე და დიპლომი ავიღე. ამით ჩემი ცხოვრების ოცნება ავისრულე და საკუთარი თავიც ვიპოვე. 1987 წელს თბილისის სახელმწიფო საესტრადო-საცირკო სასწავლებელში გამოცდები ესტრადისა და ცირკის მსახიობის, ილუზიონისტის კვალიფიკაციით ჩავაბარე. შემდეგ პროფესიული გადამზადება ესტრადის, ცირკისა და მასობრივი ღონისძიებების რეჟისურის განხრით გავიარე. ილუზიონისტობამ იმიტომ დამაინტერესა, რომ საოცრებები მიყვარს და ამ საქმის ფანატი ვარ. ასეთივე ადამიანებით სავსე კოლექტივში მომიწია მუშაობა. მახსოვს, მსახიობები მაყურებლის მიერ მორთმეულ ყვავილების თაიგულებს ვთვლიდით და ამის მიხედვით ვიგებდით იმ დღევანდელი გამოსვლა რამდენად წარმატებული იყო.
- ბატონო პაატა, რამდენ ქვეყანაში ხართ გამოსული და ყველაზე დიდხანს სად მოგიწიათ გამოსვლა?
— გამოსვლა დღემდე ბევრ ქალაქში გვიწევს. ძირითადად თურქეთში ვმუშაობდი, დაახლოებით 80-მდე ქალაქში ვართ გამოსული. შარშან გასტროლებზე ეგვიპტეში მიგვიწვიეს. დღეს უკვე მიწვევებზე ვმუშაობთ და მერე ისევ საქართველოში ვბრუნდებით. თურქეთში ქართული ცირკის ყოფილი მთავარი რეჟისორი, ალექსანდრე ერისთავი მოღვაწეობს. ბატონი ალექსანდრე ქართველ მსახიობებს შოუ-ბიზნესის სხვადასხვა კომპანიებთან დაკავშირებაში ეხმარება. 20 წელი თურქეთში სხვადასხვა ფესტივალებზე საკონცერტო დარბაზებში გამოვდივართ. წარმოშობით კახეთიდან ვარ და ვცხოვრობ იქ, სადაც გასტროლები მაქვს ხოლმე, მთელი ჩემი ცხოვრება მოგზაურობაში ვარ. ბოლო ჩემი საცხოვრებელი ადგილი ანკარა იყო.
- თბილისის ცირკში რა პროგრამით გამოდიოდით?
— ქართულ ცირკში ილუზიონის შოუ მქონდა. 1991 წელს ახალგაზრდულ კოლექტივს საქართველოს დამსახურებული არტისტი, გურამ გარსევანიშვილი ხელმძღვანელობდა. სულ 33 მსახიობი ვიყავით და ჩვენი მრავალფეროვანი პროგრამა სამი საათი გრძელდებოდა. ასევე ვმუშაობდი კლოუნადის თეატრში ფილარმონიაში, სადაც პროგრამის ხელმძღვანელი გახლდით. შარშან ეგვიპტეში ვიყავით გასტროლებზე, ტურისტულ გემზე ანიმაციის შეფად ვიმუშავე. არენაზე მეუღლესთან, ელისო მუმლაძესთან ერთად ვმუშაობ. მართალია, ცირკის მსახიობობა ოჯახური ტრადიცია არ არის, მაგრამ ჩვენთან ერთად დღეს ჩემი შვილიც, ბონდო ძულიაშვილი გამოდის.
- ცირკი თავისთავად მოულოდნელობებითაა სავსე და არა მხოლოდ არენაზე, რაიმე შემთხვევა ხომ არ გახსენდებათ?
— მახსოვს, ერთხელ კვიპროსში გასტროლების დროს მახრჩობელა გველებით მუშაობა მთხოვეს. როგორც იქნა, დამითანხმეს. დაიწყო წარმოდგენა და სკივრი გავხსენი და დავინახე, რომ იქიდან ერთის ნაცვლად სამი მახრჩობელა პიტონი მიცქერდა. ამას არ ველოდი, როგორც იქნა, მუშაობა დავასრულე. საღამოს სასტუმროში ვისვენებდი, რომ უცებ კივილის ხმა მომესმა. კლოუნი მეძახდა: ჩქარა, გვიშველეთო! ვერ გავიგე რა ხდებოდა, ნომრიდან გამოვედი და დავინახე ხალხი, რომელიც სასტუმროდან გარბოდა. იარაღმომარჯვებულები პოლიციელები კი ფერდაკარგულები ერთ ადგილას იდგნენ. თურმე ნომერში, სადაც გველების აკვარეუმი იყო, ქვეწარმავლები გამოპარულიყვნენ და აბაზანის პატარა ფანჯარაში გადმოკიდებულები ნებივრობდნენ. შეშინებული სასტუმროს ადმინისტრატორი კი ბოლო ხმაზე კიოდა. გავიქეცი და გველები აკვარიუმში შევაბრუნე. იმ დღის მერე, მთელი გასტროლების მანძილზე თითქოს ფადიშაჰი გახლდით ისეთ პატივში ვიყავი.
- თქვენი აზრით, რა ბედი ელის საცირკო ხელოვნებას საქართველოში?
— ამ ჟანრის ბედი სამწუხაროდ გაურკვეველია, რადგან საქართველოში საცირკო სასწავლებელი გააუქმეს, ცირკი კი —გაასხვისეს. გულდასაწყვეტია, რომ ხელოვნების ამ ჟანრს ჩვენში პატივს არ სცემენ, პირიქით ზედმეტადაც მიაჩნიათ. არადა, ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია ცირკის გარეშე, ეს ხომ ადგილია, სადაც პატარა სასწაულები გელოდება და თავს ნებისმიერ ასაკში ბავშვად გრძნობ…