თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ბათუმში 16-18 დეკემბერს გაიმართება მასშტაბური პროექტი „გაერო ასამბლეა საქართველოში", რომელზეც შეიკრიბება სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდობა, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.
ღონისძიების ორგანიზატორია „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის". სწორედ ის ახდენს საქართველოდან ახალგაზრდების წარდგენის ორგანიზებას ნიუ-იორკის გაეროს შტაბ-ბინაში, სადაც ახალგაზრდული ასამბლეები იმართება.
ღონისძიებაში დელეგატებად მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, მთავარია, რეგისტრაცია გაიარონ წარმატებით. მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა, წარადგინონ საგრანტო რეზოლუციური პროექტი მიზნობრივი განვითარების 17 პუნქტის ერთ-ერთ თემაზე.
ასამბლეის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ ადგილობრივ და საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტუების წარმომადგენლებს და მიიღოთ მათგან ინფორმაცია აქტუალურ საკითხებზე.
დელეგატები შეძლებენ გაეცნონ გაეროს ასამბლეის სტრუქტურასა და მუშაობის პრინციპებს; გაიღრმავონ ცოდნა და შეიძინონ გაეროს ასამბლეაში მუშაობის გამოდილება; გააანალიზონ მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევები; მოიპოვონ გრანტი; გაიუმჯობესონ მოლაპარაკებებისა და საჯაროდ სიტყვით გამოსვლის უნარები; გაიცნონ და დაამყარონ კონტაქტი ასამბლეის ახალგაზრდა ლიდერებთან; მიიღონ ორენოვანი სერთიფიკატი.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სესიები, რომლებსაც გამართავენ სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები; გაიმართება ვიზიტები სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებში, სამთავრობო უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.