თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშნა ვიქტორ დოლიძე, რომელიც დღეისათვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრია.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ელგუჯა ხოკრიშვილი დანიშნა, ნათქვამია პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სამშაბათს პრეზიდენტმა ხოკრიშვილი და დოლიძე სასახლეში მიიღო და ახალ თანამდებობებზე მათი მომავალი სამუშაო განიხილა. გიორგი მარგველაშვილმა მათ შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ვიქტორ დოლიძე ახალ თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 1 იანვრიდან, ხოლო ხოკრიშვილი — 8 იანვრიდან შეუდგება.
ხოკრიშვილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტს 2014 აპრილიდან 2015 წლის მაისამდე იკავებდა.
რაც შეეხება დოლიძეს, მისი აპარატი უქმდება. დეკემბრის დასაწყისში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლებიც მთავრობის სტრუქტურულ შეცვალს გულისხმობს.