გურჯაანული მაყვალი ევროპის და ამერიკის ბაზარზე გაიყიდება

© FB / rk Gileჩირის საშრობი საწარმო
ჩირის საშრობი საწარმო - Sputnik საქართველო
გამოწერა
იზოლდა ქიტესაშვილი პროფესიით ექიმია. 38 წელი გურჯაანის სავადმყოფოში მუშაობდა. დღეს ქალბატონი იზოლდა მეწარმეობით არის დაკავებული და ჩირის საშრობ საწარმოს ხელმძღვანელობს.

ამბობს, რომ ექიმობა  ძალიან დიდ შრომას, დიდ ენერგიას და დროს მოითხოვდა. ასეთი ორი დიდი სამსახურის შეთავსება კი შეუძლებელი იყო. ამიტომ არჩევანი მეწარმეობაზე შეაჩერა, რადგან მისი თქმით, ეს საქმიანობა ავსებს და სრულებით აკმაყოფილებს.

ქალბატონი იზოლდას საქმიანობა კენკროვანი მცენარეების გაშენებასაც უკავშირდება. კენკროვანი მცენარეები დაახლოებით 10 გექტარზე აქვთ გაშენებული. გურჯაანში, მის მიერ მოყვანილი უეკლო მაყვალი შესაძლოა ევროპის და ამერიკის  ბაზარზე გაიყიდოს.

© FB / Gile იზოლდა ქიტესაშვილი
 იზოლდა ქიტესაშვილი - Sputnik საქართველო
იზოლდა ქიტესაშვილი

— პროფესიით ექიმი ვარ, ნევროლოგი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1979 წლიდან  დავბრუნდი ჩემს სოფელში, გურჯაანის რაიონში და ვმუშაობდი სავადმყოფოში, ჯერ რიგით ექიმად, შემდეგ განყოფილების გამგედ. 38 წელი ვიმუშავე გურჯაანის სავადმყოფოში. უკვე 67 წლის გავხდები. ეს საქმიანობა მოითხოვდა ძალიან დიდ შრომას, დიდ ენერგიას და დროს. ასეთი ორი დიდი სამსახურის შეთავსება შეუძლებელი იყო. ის საქმე რასაც დღეს ვემსახურები, მავსებს და სრულებით მაკმაყოფილებს.

ჩემი საქმიანობა კენკროვანი მცენარეების გაშენებას უკავშირდება. გავაშენეთ მაყვალი, ჟოლო, მოცხარი, მარწყვი. შევქმენით კოოპერატივი, სადაც ხუთი ადამიანი ვიყავით გაწევრიანებული. დღეს უკვე 11 წევრი ვართ. ეს კოოპერატივი ძირითადად ორიენტირებულია ხილის შრობაზე. კოოპერატივის წევრებს შემოაქვთ ხილი, ვაშრობთ, წელს შევიყიდეთ კიდეც. გვაქვს გამომშრალი ხურმა, ლეღვი, ქლიავი, ვაშლი და ა.შ.

© FB / Gileჩირის საშრობი საწარმო
ჩირის საშრობი საწარმო - Sputnik საქართველო
ჩირის საშრობი საწარმო

- ყველა სეზონზე ჩირავთ ხილს?

— დიახ ჩირს სეზონის მიხედვით ვაშრობთ. ამ ეტაპზე ხურმა დავჩირეთ. თხლად დაჭრილი ხილისგან არაჩვეულებრივი ჩირი  გამოვიდა.

- მხოლოდ ხილის ჩირს აწარმოებთ, თუ ბოსტნეულის ჩირიც გაქვთ?

— ჯერ მხოლოდ ორი დანადგარი გვაქვს. USAID-ის პროგრამით ვართ დაფინანსებული. როცა ეს ორი საშრობი შევიტანეთ კოოპერატივში, ვფიქრობდი, რომ ძალიან ბევრი იყო, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ვხვდები, რომ ძალიან ცოტაა. ჯერ მხოლოდ ხილის ჩირს ვაწარმოებთ. თუმცა ვფიქრობთ სხვადასხვა პროგრამებში მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენი ფინანსებით ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ გაფართოებას, ამიტომ ველოდებით დაფინანსებას, რის შედეგადაც შესაძლოა დანადგარები დავამატოთ და განვვითარდეთ.

© FB / Gileსარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქცია
სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქცია - Sputnik საქართველო
სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქცია

რაც გვაქვს თანამედროვე სტანდარტების საშრობია. დაჭრილი ხილი 300 კილომდე შედის ერთ დანადგარში. დაახლოებით 14-16 საათი უნდა სრულ შრობას. ბუნებრივ პირობებში საკმაოდ დიდი დრო უნდა ხილის შრობას. ასე, რომ ეს დანადგარები ძალიან გვიმარტივებს საქმეს. მართალია ელექტროენერგია უფრო მეტი მიდის და ხარჯიც მეტია, მაგრამ აქ სრულად არის დაცული სანიტარული ნორმები, არ არის მწერებისგან დაზიანება. ერთი სიტყვით მიკრობიოლოგიურად სუფთა პროდუქტია.

ძალიან ბევრი ადამიანი მოდის და რჩევებს გვეკითხებიან, ჩვენც ვუზიარებთ გამოცდილებას, როგორი დანადგარებია საჭირო, რომელი აკმაყოფილებს სურსათის მავნებლობის ყველა კრიტერიუმს, როგორ უნდა დაიფცქვნას, დაიჭრას და ა.შ. მე უკვე ნელ-ნელა ფეხზე მყარად ვდგები ამ მხრივ.

ჩვენი ნერგი დაახლოებით 10 ჰექტარზეა გაშენებული. ჩირების თემა საინტერესოა, მაგრამ კენკროვნების თემა არის ძალიან აქტუალური. აქამდე ძალიან ბევრი რამე არასწორად იყო წარმოებული, თვითონ ტექნოლოგიებიც არ იყო. ჩვენ დავნერგეთ სარწყავი სისტემები, ახლა მულჩზე უნდა ვიფიქროთ, რადგან წვეთოვანმა სისტემამ სხვა პრობლემა შეგვიქმნა, ბალახი ძალიან დიდი რაოდენობით ამოვიდა. ეს ეკონომიურად აძვირებს თვით წარმოებას. ვთვლით, მულჩს თუ გამოვიყენებთ ბალახისგან დაცულები ვიქნებით.

© FB / Gileჩირის საშრობი საწარმო
ჩირის საშრობი საწარმო - Sputnik საქართველო
ჩირის საშრობი საწარმო

- რიგითი ადამიანებიც გყავთ დასაქმებული, თუ თავად ართმევთ ყველაფერს თავს?

— კი, რა თქმა უნდა. სეზონურად ვასაქმებთ ადამიანებს ნერგის გამოყვანაზე, ამოღებაზე, ასევე დაფცქვნა, დაჭრა, შრობა. ამ ყველაფერზე 5-6 კაცი მუშაობს სისტემატიურად.

- სასიამოვნო არომატის გარდა, რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ჩირი?

ჯერ ერთი ბუნებრივი პროდუქტია, ყოველგვარი დანამატების გარეშე. ნაკლებად იწამლება, არ აქვს მიღებული მცენარეთა დაცვის საშუალებები. შრობის დროს ხილი ინარჩუნებს ვიტამინებს და სასარგებლო თვისებებს. ჩირი ძველთაგანვე გამოიყენებოდა ხალხურ მედიცინაში.

© FB / Gileმაყვალი
მაყვალი - Sputnik საქართველო
მაყვალი

- სად ახდენთ თქვენი პროდუქციის რეალიზებას?

— გვინდა, რომ სასტუმროებში, ბარებში შევიტანოთ. ჯერ პროდუქცია მივიღეთ, ეხლა უკვე დავიწყებთ რეალიზებაზე ზრუნვას. დაახლოებით ორ ტონამდე ხილი მაქვს გამომშრალი. 2016 წელს გამოვაშრეთ პირველად, მაგრამ მაშინ დიდი გამოცდილება არ გვქონდა. წელს USAID-მა აგვიყვანა ტექნოლოგი, ქალბატონი ლია ჯერენაშვილი, რომელიც გვაძლევს რეკომენდაციებს, გვიწევს კონსულტაციებს. ჩვენც კმაყოფილები ვართ და თვითონაც, კმაყოფილია, რომ ჩვენი საქმიანობა წარმატებით მიმდინარეობს. დიდი გამოცდილება მივიღეთ და როგორც მოგეხსენებათ გამოცდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.  ის ადამიანებიც დახელოვნდნენ უკვე, ვინც ჩვენთან მუშაობენ.

- ქართულ ბაზარზე რამდენად დიდია კონკურენცია?

— ქარელში არის არაჩვეულებრივი საშრობი, ასევე ამბროლაურში. მათ უკვე მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

© FB / Izolda Qitesashviliმაყვლის ბაღში
მაყვლის ბაღში - Sputnik საქართველო
მაყვლის ბაღში

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

— ჩვენ ერთდროულად ორ საქმიანობას ვეწევით, კენკროვნების განვითარებას და ჩირის შრობას. ვთვლი, რომ კენკროვნების განვითარებას ძალიან დიდი მომავალი აქვს. ჩვენი გეოგრაფიული პირობები და კლიმატი გვიწყობს ხელს ამ ყველაფერში. მნიშვნელოვანია ისც, რომ ხელს გვიწყობს, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ისე USAID-ი. გვინდა კიდევ შემოვიტანოთ სხვა ახალი ჯიშები და მეტად განვვითარდეთ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0