საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის თანახმად ყველაზე დიდ დაფინანსებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიიღებს.
კანონპროექტს პარლამენტის 150 დეპუტატიდან მხარი 111-მა დაუჭირა.
ეს უკვე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მესამე ვარიანტია. პარლამენტში ის ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა. მისი თქმით, მოსალოდნელია 4,5%-იანი ეკონომიკური ზრდა, მომდევნო წლებში 2021 წლამდე — 5-დან 6%-მდე.
„მინდა აუცილებლად ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის მოლოდინი მომავალი წლებისათვის. ამ ვარაუდს ამყარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებიც. ფონდის აზრით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაჩქარდება და ამ მაჩვენებლით, იგი იქნება გამოკვეთილი ლიდერი რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ფონდი კონსერვატიულ პროგნოზებს აკეთებს (რასაც 2017 წლის მაჩვენებლებიც მოწმობს)“, — განაცხადა ბახტაძემ პარლამენტში.
გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბიუროკრატიული ხარჯები 25%-ით შემცირდება.
ბახტაძემ მადლობა გადაუხადა თავის წინამორბედ, ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს და მიმდინარე წელს საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველს ეკონომიკაში სამი კვარტლის განმავლობაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა ისტორიულ მაქსიმუმს — 1,3 მილიარდ დოლარს მიაღწია. მაღალი იყო ასევე რეინვესტირების მაჩვენებელიც. ბახტაძის თქმით, მიმდინარე წელს უცხოელმა ინვესტორებმა ქართულ ეკონომიკაში თითქმის 600 მილიონი დოლარი დააბანდეს.
მინისტრის ვარაუდით, საერთაშორისო ტურიზმით მიღებული შემოსავლები 2,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ძირითადი პარამეტრები
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები 12,4 მილიარდი ლარის დონეზეა დაგეგმილი. ეს 48 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე პროექტის პირვანდელ ვარიანტში იყო განსაზღვრული.
საგადასახადო შემოსულობებზე გამოყოფილია 9,5 მილიარდი ლარი, გრანტებზე — 414,2 მილიონი ლარი, სხვა შემოსავლებზე — 410 მილიონი ლარი.
ასიგნებები, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 56,2 მილიონი ლარით გაიზარდა და 12,5 მილიარდი ლარის დონეზე განისაზღვრა.
სად წავა თანხები?
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წელს 3,5 მილიარდი ლარი ერგება. ყველაზე დიდი თანხა მოხმარდება სოციალურ უზრუნველყოფასა და საპენსიო გარანტიებზე — 2,4 მილიარდ ლარზე მეტი. ჯანდაცვის პროგრამებზე გამოყოფილია 982,8 მილიონი ლარი.
სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაზე, ანუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გამოყოფილია 704 მილიონი ლარი.
2017 წელთან შედარებით ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2018 წელს 111.2 მილიონი ლარით იზრდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 1,8 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ამ თანხებიდან 72% საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რემონტზე მოხმარდება.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი 2017 წელთან შედარებით 527 მილიონი ლარით გაიზრდება.
საქართველოს მთავრობაში ყველაზე მდიდარი უწყებების სამეულში შევიდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო — მისი ბიუჯეტი 1,2 მილიარდ ლარამდე შეადგენს. აქედან 678 მილიონ ლარზე მეტი სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროს მოხმარდება.
2017 წელთან შედარებით 2018 წელს განათლების სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის 52 მილიონი ლარით იზრდება.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე ნაკლები თანხა ერგება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს — 1,6 მილიონი ლარი. 2017 წელთან შედარებით ეს 385 ათასი ლარით მეტია.