ჟურნალისტი რომელმაც გერმანულ რადიოში ქართული ენა პირველად გააჟღერა

© FB / Irma Shiolashviliირმა შიოლაშვილი
ირმა შიოლაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამჯერად გერმანიაში მცხოვრებ ჟურნალისტსა და პოეტს, ირმა შიოლაშვილს გაგაცნობთ.

ერთნაირად წარმატებული ჟურნალისტი, პოეტი და მთარგმნელია. მისი ქართულენოვანი გადაცემები 1999 წლის სექტემბრიდან ბონის რეგიონალურ რადიო Bonn/Rhein- Sieg-ის ეთერში გადიოდა. შეგახსენებთ, რომ ეს არის რადიო, რომელსაც დღეში საშუალოდ 84000 მსმენელი ჰყავს. მისი ლექსები გერმანულად ცნობილმა  პოეტმა, საბინე შიფნერმა თარგმნა. თავად მას არა ერთი უცნობი გერმანელი პოეტი ჰყავს ქართულად ნათარგმნი. მისი დისერტაციის თემაც გერმანიას უკავშირდებოდა- ეს იყო „მეორე მოფლიო ომის შემდგომი ქართული და გერმანული პოლიტიკური ლირიკა“, რომელიც 2005 წელს საქართველოში დაიცვა. ქალბატონ ირმას ბონში დავუკავშირდით.

© FB / Irma Shiolashviliირმა შიოლაშვილი
ირმა შიოლაშვილი  - Sputnik საქართველო
ირმა შიოლაშვილი

- ქალბატონო ირმა, მივყვეთ ქრონოლოგიას- როდის და რატომ გაემგზავრეთ გერმანიაში?

— გერმანიაში 90-იანი წლების ბოლოს წავედი. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაძიებელი სული მქონდა და ისევე, როგორც ბევრ საბჭოთა ბავშვს, ევროპაში მოგზაურობა და აღმოჩენები მინდოდა. ასევე  გერმანული ენისა და კულტურის უკეთ შესწავლის სურვილი მქონდა. ერთი წელი ქალაქ ბონში ვიცხოვრე, მერე დავბრუნდი საქართველოს საზოგადოებრივ არხზე, სადაც მანამდე ჟურნალისტად ვმუშაობდი და აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი ძველებურად გაყინული იყო. მე კი უფრო შეცვლილი და გაზრდილი ვიყავი და ჩემს ქართულ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლა მსურდა. ალბათ ამიტომ ლიტერატურის ინსტიტუტში, ასპირანტურაში ჩავაბარე. ჩემი ქართველი ხელმძღვანელი, პროფესორი დავით თევზაძე ძალიან პროგრესულად მოაზროვნე, დიდი პიროვნება იყო. 79 წლის ასაკში მან მე ბოლო ასპირანტად ამიყვანა. სწორედ მისი სურვილი იყო, რომ შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაში (კომპარატისტიკაში) თემა დამეწერა.

 

- ამ თემისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ეპოქა შეარჩიეთ…

— დიახ, ჩემი დისერტაცია იყო თემაზე „მეორე მოფლიო ომის შემდგომი ქართული და გერმანული პოლიტიკური ლირიკა“, რომელიც 2005 წელს საქართველოში დავიცავი. მანამდე,1999 წელს ბონის უნივერსიტეტს კომპარატისტიკის სასწავლად და ომის შემდგომი ეპოქის საკვლევად მივაშურე. ასპირანტურაში იქაც ჩავაბარე და ჩემი გერმანელი ხელმძღვანელის, პროფესორ როლფ ოელერის ხელშეწყობით, (რომელიც ბონის უნივერსიტეტის კომპარატივისტიკის კათედრის გამგე იყო) დაცვის უფლება მომცეს. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით იძულებული გავხდი, სამეცნიერო ნაშრომი გერმანულ ენაზე ხელახლა დამეწერა, მაინც ვფიქრობ, რომ დისერტაციის საქართველოში დაცვა სწორი გადაწყვეტილება იყო. სამეცნიერო კვლევასთან ერთად, სადაც ერთმანეთს დამარცხებული და გამარჯვებული ერების პოეზიაში ასახული ფსიქოლოგიური მდგომარეობა შევადარე, არა ერთი ჯერ კიდევ უცნობი გერმანელი პოეტი ვთარგმნე ქართულად და ჩემი მაშინდელი კვლევა ამითაც იყო საინტერესო…

© FB / Irma Shiolashviliირმა შიოლაშვილი
ირმა შიოლაშვილი - Sputnik საქართველო
ირმა შიოლაშვილი

- რითი განსხვავდება ირმა, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა იმ ირმასგან, რომელიც გერმანიაში დამკვიდრდა?

— მართალია, გერმანულ გარემოსაც შევეჩვიე და ბევრი კარგი რამ  მივიღე გერმანული კულტურისგან, მაგრამ ჩემი იდენტობა ქართულ ენასთანაა გადაჯაჭვული. ჩემი ქვეყნისგან ბევრი სიკეთე და აღიარება მახსოვს და ყველა მათგანი ქართულ სიტყვას უკავშირდება. მშობლიური სიტყვა გულიდან ამოდის და ადამიანები, რომელთაც მესიჯს ვუგზავნი, ხშირად ჩემნაირად გრძნობენ. გერმანელ მკითხველამდეც აღწევს ჩემი პოეტური სიტყვა, გერმანელებსაც ესმით ჩემი, მაგრამ ჩემს ქვეყანაში მშობლიურ ენაზე ყოველთვის სხვანაირად მისმენენ. თუმცა საყოველთაო სათქმელი ყველა ადამიანამდე აღწევს და ენობრივ ჩარჩოებს სცდება. ასე რომ, გერმანულ ენაზე ჟურნალისტობასაც ვახერხებ და ავტორობასაც.

© FB / Irma Shiolashviliირმა შიოლაშვილი
ირმა შიოლაშვილი - Sputnik საქართველო
ირმა შიოლაშვილი

 

- თქვენ პირველი ქართველი ჟურნალისტი ხართ, ვინც ქართული ენა გერმანულ ეთერში გააჟღერა, როგორ მოხდა ეს?

— ოცი წლის წინ, როცა გერმანიაში ჩამოვედი, დასავლეთში  საქართველოს შესახებ ძალიან ცოტა რამ, უფრო სწორედ, თითქმის არაფერი იცოდნენ. მართალია, გერმანულ უნივერსიტეტში სწავლა ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ მაინც ძალიან მაკლდა: საყვარელი საქმე, სტუდია, ეთერი და მიკროფონი. მაშინ სამოქალაქო რადიო „ლოკომის“ არსებობის შესახებ შევიტყვე და იქ ქართულ გადაცემებზე პროექტი მივიტანე. 1999 წლის სექტემბრიდან გავდივარ ბონის რეგიონალურ რადიო „Bonn/Rhein- Sieg“-ის ეთერში, რომელსაც დღეში საშუალოდ 84000 მსმენელი ჰყავს. თავიდან ორენოვანი სიუჟეტებით გავდიოდი ეთერში, 2002 წლიდან ქართულ გადაცემას ყოველი თვის ბოლო შაბათს ნახევარსაათიანი საეთერო დრო დაეთმო და „ქართულ-გერმანული კულტურული ჟურნალი" დაერქვა. 2015 წელს გადაცემას სახელწოდება შევუცვალე, ახალი ქუდი და მუსიკა მოვარგე და „სარკმელი საქართველოსკენ" დავარქვი. ამჟამად მხოლოდ გერმანულ ენაზე მიწევს გადაცემის კეთება, ფორმატმა ამგვარი ცვლილება მოითხოვა, უცხოეთში საყვარელი საქმის კეთება მაძლებინებს, თუმცა ქართული ეთერი ისევ ოცნებად მრჩება.

© FB / Irma Shiolashviliირმა შიოლაშვილი
ირმა შიოლაშვილი  - Sputnik საქართველო
ირმა შიოლაშვილი

- ქალბატონო ირმა, ვიცი, რომ გერმანულ „Deutsche Welle“-ში ქართული რედაქციის დაარსების სურვილი გქონდათ და ამის წინაპირობაც არსებობდა, რატომ ვერ განახორციელეთ ეს პროექტი?

— ჯერ იმით დავიწყებ, რომ შარშან, ცნობილმა გერმანულმა არხმა, „Deutsche Welle“-მ შემომთავაზა, მისი სტუდიიდან საზოგადოებრივი არხის ეთერში პირდაპირი ჩართვები გამეკეთებინა, ეს შეიძლებოდა, რომ „Deutsche Welle“-ში ქართული რედაქციის დაარსების წინაპირობა  გამხდარიყო. ამ ინიციატივას ჩემი მრავალწლიანი ბრძოლისა და საქართველოს ელჩის, ბატონ ლადო ჭანტურიას მხარდაჭერის შედეგად ფრთები შეესხა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი პროექტი ისევ ქართველმა კოლეგებმა დაბლოკეს. გულდასაწყვეტია, როცა დიდი გერმანული არხის გენერალური დირექტორი მზადაა ქართულ-გერმანული ურთიერთობების ამ ფორმით გაღრმავებისთვის და ქართველი კოლეგები გამოწვდილ ხელზე ხელს არ აგებებენ…

- გერმანიაში თქვენი წიგნი უკვე გამოიცა, 2018 წლის დასაწყისში ახალი წიგნის გამოცემა გაქვთ განზრახული, როგორ ფიქრობთ, თქვენი ხმა გერმანელ მკითხველამდე რამდენად აღწევს?

— 2010 წელს, ცნობილმა გერმანელმა პროფესორმა, ული როტფუსმა „Pop-Verlag“-ში „კავკასიური ბიბლიოთეკის“ სერია დააარსა. სწორედ ბატონი როტფუსის ინიციატივა იყო ჩემი წიგნის გერმანულ ენაზე გამოცემა. ეს 2012 წელს მოხდა. ჩემი „ფოთლების  ხიდი“ „კავკასიური ბიბლიოთეკის“ მესამე გამოცემა იყო. 2012-15 წლებში არაერთი გერმანულენოვანი საღამო მქონდა, რასაც ბევრი კეთილი სიტყვა, საგაზეთო სტატია, რეცენზია, რადიოგადაცემა და გაყიდული წიგნი მოჰყვა. მაშინ ლექსების თარგმანზე ხუთმა გერმანელმა მთარგმნელმა იმუშავა, ხუთი მთარგმნელის ხმა ერთ წიგნში არცთუ მარტივად აღსაქმელია, მაგრამ მგონი, ჩემმა ქართულმა სათქმელმა გერმანელ მკითხველამდე კარგად მიაღწია.

© FB / Irma Shiolashviliირმა შიოლაშვილი
ირმა შიოლაშვილი - Sputnik საქართველო
ირმა შიოლაშვილი

- ქალბატონო ირმა, 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მასპინძელი ქვეყანაა და ბუნებრივია, ინტერესი ქართული ლიტერატურისადმი გერმანიაშიც გაიზარდა.

— დღეს გერმანულ გამომცემლობებში ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით არა ერთი წიგნი გამოდის. ჩემი ახალი წიგნიც 2018 წელს ამავე ცენტრის მხარდაჭერით გამოვა. ახალი ლექსები ამჟამად ჩემთან ერთად ცნობილმა გერმანელმა პოეტმა საბინე შიფნერმა თარგმნა. იმედი მაქვს, მკითხველის გულამდე ეს წიგნიც მიაღწევს.

- ვიცი, რომ რუსუდან ფეტვიაშვილის გალერისტმა თავის გალერიაში მიგიწვიათ, რა მოჰყვა ამ მოწვევას?

— დიახ, 2012 წელს, ქალაქ მინდენში რუსუდან ფეტვიაშვილის გალერისტმა მიმიწვია და რუსუდანის ნახატების ფონზე მომიწყო საღამო, რომელსაც ერქვა „არქაული საქართველო სიტყვით და ფერით“. მას მერე არაერთი ლამაზი საღამო მქონდა გერმანელ მკითხველთან, მაგრამ ასეთი ფერებითა და სიძველით სავსე  შეხვედრა აღარ განმეორებულა.

© FB / Irma Shiolashviliირმა შიოლაშვილი
ირმა შიოლაშვილი  - Sputnik საქართველო
ირმა შიოლაშვილი

- როგორია თქვენი გერმანული სიყვარული?

— ჩემი მეუღლე, იოახიმ ბრიტცე პროფესიით ფილოლოგია, სლავისტი. ერთმანეთი დიდი ხნის წინ, ბონის უნივერსიტეტის სლავისტიკის სემინარზე გავიცანით. მაშინ იოახიმი სტუდენტი იყო და ერთმა პროფესორმა მას ჩემი რუსულენოვანი წიგნის პრეზენტაციის მოწყობა დაავალა. მე პირველი ქართველი ვიყავი, რომელსაც ის შეხვდა და როგორც თავად ამბობს, მაშინვე თვალი დაადგა. 2001 წელს ჩვენ დავქორწინდით და ამჟამად ორ შვილს ვზრდით. წიგნებსაც ერთად ვთარგმნით. მაგალითად ცოტა ხნის წინ მიხო მოსულიშვილის წიგნის „გედები თოვლქვეშ“ გერმანულ ენაზე თარგმნა დავასრულეთ. წიგნი გერმანიაში ძალიან მალე გამოიცემა.

- რა გაითავისა გერმანულ გარემოში თქვენმა ქართულმა ბუნებამ?

— გერმანიაში კითხვაზე: როგორ ხარ? ხშირად ასე პასუხობენ: ყველაფერი წესრიგშია. წესრიგის გარეშე ამ ქვეყანაში ვერ იცხოვრებ. მეც პირველ რიგში, წესრიგი და პუნქტუალობა ვისწავლე. ახლა როცა მახსენდება, თავიდან როგორ გამიჭირდა აქაური რიტმისთვის ფეხის აწყობა, მეღიმება. მახსოვს, ლექციებზე მუდმივად ვიგვიანებდი და ჩემს გერმანელ ჯგუფელებს ალბათ ძალიან უკვირდათ, როგორ შეიძლებოდა, სახლიდან ათი წუთით ადრე გამოსვლა ვერ მომეხერხებინა. ახლა მე თვითონ ვბრაზობ, როცა ვინმე შეხვედრაზე დათქმულ ადგილზე მოსვლას იგვიანებს. ვბრაზობ, როცა რაიმეს მპირდებიან და არ ასრულებენ. კიდევ გერმანიაში ვისწავლე ემოციების ნაკლებად გამოხატვა, ადამიანების არ შეწუხება, საქმეზე პირდაპირ საუბარი, და პუნქტუალობა. ქართული სიტყვიერი გარემო კი ჩემთვის თავიდანვე უმნიშვნელოვანესი იყო და დღემდე ასე რჩება. ხშირად ვამბობ, რომ საქართველოში ბოლომდე მე ვარ, რადგან მშობლიურ ენაზე ვსაუბრობ. ჩემს ქვეყანაში სხვანაირი, ძალიან ნამდვილი ირმა ვარ…

 

 

ყველა ახალი ამბავი
0