თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. დიდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air 2018 წლის 25 მარტიდან იწყებს ქუთაისსა და რიგას შორის პირდაპირი რეისების განხორციელებას, ნათქვამია ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ავიარეისები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლატვიის დედაქალაქის მიმართულებით კვირაში ორჯერ შესრულდება — ოთხშაბათობითა და კვირაობით.
ამჟამად ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია 12 ქვეყნის 18 მიმართულებით. რეისების ნაწილი უკვე სრულდება, მათ შორის ლონდონის, ბერლინისა და მილანის მიმართულებით.
Wizz Air 2018 წლის მაისიდან ფრენებს გეგმავს რომის, პარიზის, ბარსელონის და პრაღის მიმართულებით.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის 11 თვეში, გასულის წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით, მგზავრთა ნაკადი 55,8%-ით გაიზარდა.