თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ფრენების რაოდენობა საქართველოს საჰაერო სივრცეში, სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის ცხრა თვეში 14,7%-ით გაიზარდა, აღნიშნულია „საქაერონავიგაციის" განცხადებაში.
კომპანიის მონაცემებით, 2017 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14.7%-თ მოიმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ. ასევე გაიზარდა როგორც საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და აქიდან გამფრენი, ასევე სატრანზიტო რეისების რაოდენობაც.
2017 წლის ცხრა თვის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 106 633 ინსტრუმენტალური ფრენა. აღნიშნული მაჩვენებელი 13,5 ათასი ფრენით, 14.7%-ით მეტია 2016 წლის ცხრა თვის მაჩვენებელზე.
მიმდინარე წელს საქართველოს აეროპორტებში შესრულებული აფრენა-დაფრენის რიცხვი 30 248-ს გაუტოლდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 8 331 ფრენით, ანუ 38%-ით მეტია.
2017 წლის სამ კვარტალში ერთად საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენმა დისტანციამ 31,3 მლნ კმ შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 3,45%-ით მეტია.
„ფრენების ზრდის ტენდენცია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე გვაყენებს და მისი შენარჩუნება კვლავაც რჩება კომპანიის პრიორიტეტად. უკანასკნელი 4 წლის მანძილზე ჩვენ დავნერგეთ ახალი ტექნოლოგიები, განვაახლეთ არაერთი არსებული სისტემა და რეგიონში პირველებმა დავნერგეთ თავისუფალი მარშრუტები, რამაც კიდევ უფრო ეფექტიანი გახადა საჰაერო მოძრაობის მართვა", — განაცხადა „საქაერონავიგაციის" გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.
საქართველოში და საქართველოდან მოძრაობისთვის უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს საჰაერო სივრცით — ქვეყნის აეროპორტები 2017 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში დაახლოებით 3,2 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 46,6%-ით მეტია.
ზაფხულის სეზონში ფრენს 42 კომპანია, აქედან ქართული ერთია, ხოლო 41 — უცხოური, მათ შორის სამი — სატვირთო. პირდაპირი რეისები ხორციელდება მსოფლიოს 29 ქვეყანაში, რაც გასულ წელთან შედარებით 32%-ით მეტია.