მათი გამარჯვების ამბავი საქართველოში უკვე ცნობილია, მაგრამ ჩვენ დავინტერესდით იმ ფაქტით, თუ როგორ მივიდნენ ამ დღემდე გოგონები, რისთვისაც მათ ოჯახის წევრებს და გოგონების მუსიკის პედაგოგს დავუკავშირდით.
შეგახსენებთ, რომ თინეიჯერმა სოლისტებმა, ლილიანა ლომინეიშვილმა და ქეთი მოდებაძემ, რომლებიც ჩოხატაურის რაიონის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლის, "ჯინსების თაობის" სოლისტები არიან, ნიუ-იორკში, საერთაშორისო ვოკალურ ფესტივალზე „Pearl of New York 2017“ გრან-პრი დაიმსახურეს. ალბათ რომ არა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ფინანსური მხარდაჭერა გოგონები ამ კონკურსზე ვერ მოხვდებოდნენ.
ლილიანა ლომინეიშვილი — ჩოხატაურის რაიონის მე-11 კლასის მოსწავლე, ფესტივალის გამარჯვებული.
- ლილიანა, გილოცავ წარმატებას. ალბათ ბედნიერი ხარ, რომ თქვენზე ამერიკაშიც გაიგეს…
— რა თქმაუნდა ბედნიერი და ამაყი ვარ. მე ჩოხატაურის სკოლის მოსწავლე და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ჯგუფის, „ჯინსების თაობის'' სოლისტი ვარ, ჩვენი პედაგოგი, ქალბატონი ლარისა დოლიძეა, ამ გამარჯვებისთვის მისი მადლობელი ვართ.
- ალბათ ყველას აინტერესებს როგორ გაიგეთ ასეთი კონკურს-ფესტივალის არსებობის შესახებ?
— როცა სოციალურ ქსელში დაიდო ინფორმაცია ამ ფესტივალის ჩატარების შესახებ, დავინტერესდით და იქ ჩვენი მონაცემები და ვიდეომასალა გავაგზავნეთ. ალბათ დავაკმაყოფილეთ ყველა კრიტერიუმი და ფესტივალზეც ამიტომ მიგვიწვიეს. იქ გრან-პრის გარდა ფულადი და ფასიანი საჩუქრები გადმოგვცეს. სხვათაშორის ძალიან მაღალი დონის ჟიური გვაფასებდა.
- ადრე თუ მიგიღიათ მონაწილეობა სხვა კონკურსებში?
— მე ბავშვობიდან, 6 წლიდან ვმღერი. ჩემი წინაპრები პროფესიონალი მომღერლები არ ყოფილან, მაგრამ ჩვენს ოჯახში სიმღერას დიდ პატივს სცემდნენ და კარგადაც მღერიან. სიმღერა მეც ძალიან მიყვარს და მონაწილეობას ვიღებ ხოლმე სარაიონო კონცერტებშიც, ასევე ბევრი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული ვარ. 2015 წელს ვიყავი რიგაში საერთაშორისო ფესტივალზე, 2017 წელს „X ფაქტორზე“ მივიღე მონაწილეობა.
- კონკურსზე რა შეასრულეთ?
— მე და ქეთი არა მარტო ერთი ანსამბლის წევრები ვართ, ვმეგობრობთ კიდეც. ჩვენ ცალ-ცალკე შევასრულეთ სიმღერები. მე აკადემიურ ვოკალში-„o mia babino caro“ და ფოლკლორში —გურული კრიმანჭული ვიმღერე. ეს სიმღერა გომარ სიხარულიძის შესრულებით მაქვს მოსმენილი.
ქეთი მოდებაძე, ფესტივალის გამარჯვებული: ყოველთვის მჯეროდა, რომ ერთ დღესაც ჩემი ოცნება ასრულდებოდა. კონკურსზე შევასრულე „შერეკილები“ და კონჩიტა ვურსტის „Rise Like a Phoenix“. ნამდვილად ამაყები და ბედნიერები ვიყავით, რადგან ამ ასაკში ასეთი უმაღლესი დონის ფესტივალის გამარჯვებული გავხდით.
ინგა გოგოლაძე - ქეთი დოლიძის ბებია:
-ქალბატონო ინგა, როგორ შეხვდით ქეთის გამარჯვებას და თუ ელოდით?
— ქეთიმ თვითონ გაიკვალა გზა ამ კონკურსისკენ, გოგონებს არავინ დახმარებია. ოჯახში მუსიკალური ტრადიცია არ გვქონია. ქეთი ობოლია, მამა არ ჰყავს, თანაც, არც მამის მხრიდან და არც დედის მხრიდან არავინ მღერის. მე ბებია ვარ დედის მხრიდან, მუსიკალური მონაცემები ჩემს ქალიშვილს ჰქონდა, მაგრამ ასეთი არა. ქეთი ჩვენთვის რაღაც აღმოჩენა იყო. ის სხვადასხვა ფესტივალებზე იღებდა მონაწილეობას. ერთხელ იტალიის საგზურით დასაჩუქრდა, მაგრამ სამწუხაროდ ფინანსების გამო ვერ შევძელით მისი იტალიაში გაშვება. ბევრი გამარჯვება ჰქონდა, ჩვენთან რაიონში კონცერტებზე ხშირად გამოდის. ბედნიერი ვარ, რომ ბავშვებმა ამხელა გამარჯვებას მიაღწიეს.
ლარისა დოლიძე — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ჯგუფის,,ჯინსების თაობის'' ხელმძღვანელი, გოგონების მუსიკის მასწავლებელი.
— ამ გოგონების გამარჯვებამ ძალიან გამახარა! ლილიანა უკვე სამი წელია ჩემი მოსწავლეა, მანამდე მხოლოდ ქართულ მოტივებზე იზრდებოდა, არასოდეს უცდია უცხოური სიმღერების შესრულება ან სხვა ჟანრში ბედი, მხოლოდ ქართულ სიმღერებს და ფოლკლორს ასრულებდა. მე მყავს ჩოხატაურის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი „ჯინსების თაობა“, სადაც ბევრი სოლისტია, მაგრამ მე რატომღაც ეს ბავშვები ამოვარჩიე- განსაკუთრებული ტემბრის, სცენურობის და რეპერტუარის მრავალფეროვნების გამო. მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ თამარ ღოღობერიძეს, რომელიც ფესტივალის „ნიუ-იორკის მარგალიტი“ დამფუძნებელი უნიჭიერესი ადამიანია. ამ კონკურსის ჟიურის წევრები სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული პროფესიონალები იყვნენ.
- ქალბატონო ლარისა, ქეთი მოდებაძე მართლა ქუჩაში აღმოაჩინეთ?
— ერთხელ ჩემს წინ ქუჩაში მიდიოდა გოგონა, რომელიც თავისთვის ღიღინებდა საკმაოდ კარგად სხვათაშორის, გავაჩერე და ვთხოვე: აბა, ამ ადგილიდან კიდევ მიმღერე მეთქი. მიმღერა, ძალიან მომეწონა და ვთხოვე, რომ მეორე დღეს კულტურის სახლში მოსულიყო. იმ დღიდან ქეთი აქტიურად მეცადინეობს.
- ლილიანას ამ კონკურსისთვის კრიმანჭული შეურჩიეთ?
— რა თქმა უნდა მე ვურჩიე… ხომ იცით, გურულმა მხედრებმა ადრე როგორ აახმაურეს ამერიკა?! ჰოდა, ჩვენი გოგოს შემთხვევაშიც ნიუ-იორკის ცას მისწვდა გურული კრიმანჭულის ხმა, ჰოდაა, ჩვენმა ბავშვებმა ამერიკელებს კუთხურად რომ ვთქვათ, პირი დააფჩენინეს. იმედია, ეს ბავშვები მომავალშიც არა ერთხელ გაგვახარებენ….